არჩევნებამდე ორი დღით ადრე, როდესაც პოლიტიკური პარტიები დაძაბულობის პიკზე არიან თბილისში ერთდროულად ორი ხალხმრავალი შეკრება შედგა. ერთი „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის - თავისუფლების მოედანზე და მეორე „ქართული ოცნების“ - ვაკის პარკში. ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ წინასაარჩევნო კამპანია ხალხმრავალი აქციით დაასრულა. ამით მათ სურდათ იმის დემონსტრირება, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ. ქართულმა ოცნებამ კი სალონური გარემოს მოწყობა სცადა და ამგვარ ვითარებაში წარადგინა ვაკის მაჟორიტარი. მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნები ჰქონდათ პარტიებს, როდესაც შეკრებებს აორგანიზებდნენ; მიუხედავად იმისა, ვინ ვის ამომრჩეველს ითვლიდა და რა ანგარიში მიიღო საბოლოოდ, 29 ოქტომბერი ისტორიაში იმ ქართული სიმღერის რუსული ვერსიით შევა, რომელიც ყველასთვის საყვარელმა ქართველმა მსახიობმა და შემსრულებელმა ვახტანგ კიკაბიძემ შეასრულა თავისუფლების მოედანზე.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც სათქმელი ბოლოდანაა მოსაყოლი, როდესაც უნდა ჯერ ის ითქვას, რომ ვიღაცას (თუმცა, არ ვიცით, ვის) რაღაც შეეშალა (ფონოგრამა შეცდომით ჩართო) და შემდეგ ვთქვათ იმის თაობაზე, თუ რა შეეშალა. ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ, გარდა იმისა, რომ ქართულ კინემატოგრაფიაში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი როლები შექმნა, რომლის ციტატები ყოველდღიურ მეტყველებაში ანდაზების მსგავსად გამოიყენება, საზოგადოების უდიდესი სიყვარული სამოქალაქო პოზიციის გამო დაიმსახურა. ბუბა კიკაბიძეც, ისევე როგორც საბჭოთა პერიოდის მისი კოლეგები, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული მოსკოვთან. საბჭოთა კავშირის დასრულების შემდგომ, კიკაბიძემ შთამბეჭდავი კარიერის გაგრძელება საქართველოს პარალელურად, რუსეთშიც შეძლო. მიუხედავად საყოველთაო აღიარებისა და პატივისცემისა რუსული პუბლიკის მიერ, ბუბა კიკაბიძემ უარი განაცხადა რუსეთში გამოსვლებზე 2008 წლის ოკუპაციის შემდგომ. ამით მისი ფინანსური მდგომარეობა, ცხადია, გაუარესდა, თუმცა ეს ქმედება იქცა სამოქალაქო გმირობის ჭეშმარიტ მაგალითად. სწორედ ასეთი პიროვნება შეარჩია ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ საკუთარ აქციაზე ერთ-ერთ პირველ სახედ.
შემდგომ განვითარებული მოვლენების ფონზე, ბუბა კიკაბიძის ბიოგრაფიიდან ზემოთმოყვანილი ფრაგმენტის ცოდნამ გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა. იმ დროს, როდესაც იგი სცენაზე „თბილისოს“ ასრულებდა, ქართულ ვარიანტს სიმღერის რუსული ვერსიის ფონოგრამა მოჰყვა, რის შესრულებაც მსახიობმა ასევე გააგრძელა. სწორედ რუსულად შესრულებული სიმღერა „თბილისო“ აღმოჩნდა 29 ოქტომბრის ყველაზე მყვირალა ფაქტი.
„ქართულ ოცნებას“, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, შეცდომით გაშვებულმა ფონოგრამამ, მშვენიერი შანსი მისცა შეკრებაზე რიტორიკა განსაკუთრებულ და ექსკლუზიურ ევროპელობაზე, დასავლური ღირებულებების მატარებლობაზე აეწყო. რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციისას დაშვებული ამგვარი ხარვეზი, კახი კალაძის სიტყვა რიგითი მაჟორიტარის წარდგენისას წარმოთქმულ ჩვეულებრივსა და არაფრით გამორჩეულ ტექსტსს დაემსგავსებოდა, თუმცა ოპონენტების ლაფსუსმა მას შესანიშნავი ფორა მისცა იმისთვის, რომ საუბრისას არა მხოლოდ 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი ეხსენებინა, არამედ მისთვის საბჭოური ნოსტალგიის ბრალდებაც მიეყოლებინა.
უცნობია, აეწყობოდა თუ არა კახი კალაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა იმ ფრაზეოლოგიით, რაც მოვისმინეთ, ან გაკეთდებოდა თუ არა აქცენტი 2024 გეგმაზე, რომლის თანახმად, ოცნება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას აპირებს, რომ არ ყოფილიყო სიმღერა რუსულ ენაზე ნაციონალური მოძრაობის აქციაზე.
„ჩვენ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ ჩვენი ოპონენტების აქცია, შეიკრიბნენ და 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმის შემდეგ, თუ ასე დაეცემოდნენ და საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ, ნამდვილად არ მეგონა. თუმცა, არჩევნების წინ, საბოლოოდ, ლუსტრაცია მოახდინეს. მინდა გითხრათ, რომ საქართველოში არასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება, ისე, როგორც არასოდეს დაბრუნდება „სავეტსკაია გრუზია“. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ჩვენი ადგილი არის ევროპაში და შემთხვევითი არაა, რომ ყველა ჩვენი ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰქვია ევროპა. რა თქმა უნდა, ჩვენი ქმედებებით და რეფორმებით პატივს ვცემთ იმ ღირებულებებს, რასაც ევროპულ ოჯახში ძალიან მაღალი ადგილი უკავია. ეს არის სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, რომელიც ყველაფერი, წლების წინ, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფეხქვეშ იყო გათელილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა დავაბრუნოთ წარსულში და 2024 წელს, პრემიერ მინისტრმაც ისაუბრა ამის თაობაზე, ჩვენ გვინდა გავაკეთოთ განაცხადი გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“,- განაცხადა კახი კალაძემ.
რეალურად, ამომრჩევლისთვის ცნობილია, რომ საბჭოთა საქართველო იურიდიულად, მართალია, 30 წლის წინ დასრულდა, მაგრამ საბჭოური მენტალიტეტი ჯერაც შეხორცებული შლეიფივით მისდევს დამოუკიდებელი საქართველოს ყოველდღიურობას. შორს რომ არ წავიდეთ და ლუსტრაციის კანონისა და პოლიტიკური ნების არარსებობის კორელაციაზე აღარ გავაგრძელოთ საუბარი, გასახსენებლად ისიც კმარა, რომ „დიდი საბჭოთა ბელადის“, სტალინის სახელი კვლავ გვხვდება დამოუკიდებელი საქართველოს ქალაქებში, მათ შორის მთავარი გამზირის სახელწოდებებად. მმართველ გუნდს მთელი იმ წლების განმავლობაში, რაც ხელისუფლებაშია, არაფერი გაუკეთებია საბჭოური მენტალობის მკვებავი ამგვარი სატყუარების გასანეიტრალებლად.
პრემიერმა გახარიამ მაჟორიტარის წარდგენაზე საკუთარი სიტყვა, რა თქმა უნდა, ასევე, დასავლური ღირებულებების მხარეს დგომის ხაზგასმით დაიწყო. მან ღიმილისმომგვრელი უწოდა ნაციონალური მოძრაობის აქციას, თუმცა იქვე მიანიშნა, რომ ეს სათვალავში მოსატანიც არაა იმ დიდ გეგმებთან შედარებით, რაც ოცნებას აქვს. „ღიმილისმომგვრელი ღონისძიებები, შეიძლება, ჩატარდეს თბილისში, მაგრამ ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს,“- განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის აქციის სხვა საინტერესო დეტალებს, განსაკუთრებით გამორჩეული პაატა ბურჭულაძის, ქართველი ტენორისა და ყოფილი პოლიტიკოსის ვიდეო-ჩართვა გახლდათ. ის 2016 წელს მმართველ გუნდს დაუპირისპირდა და საკუთარი პარტია შექმნა „სახელმწიფო ხალხისთვის“. 2017 წელს სპეციალური ორგანოები მის საქველმოქმედო საქმიანობაში თაღლითობის ფაქტებს ეძებდნენ. 2018 წელს ბურჭულაძემ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლის თაობაზე გაცახადა. მის მიერ დაარსებული პარტია გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი შემადგენელია.
„დაარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში გაიმარჯვებთ, ხალხი თქვენს მხარეზეა. კარანტინის გამო ვერ ჩამოვედი საქართველოში. ამიტომაც მე საზღვარგარეთ ვაძლევ ხმას. საქართველოს მტერი ჰყავდა ყოველთვის, მაგრამ ყველაზე საშინელი მტერი იყო შიდა მტერი. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ მახსენდება არც ერთი ისეთი შიდა მტერი ისეთი, როგორიც “ქართული ოცნებაა”, რომელმაც ამდენი ზიანი მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრიობას. 8 წლის განმავლობაში რა გაგვიკეთა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა დამონებულმა მთავრობამ ჩვენ? თავზე დაგვასვა პრეზიდენტი, რომელმაც ქართული ენა არ იცის და რომლისთვისაც საქართველო არ არის სამშობლო. თავზე დაგვასვა პრემიერი, რომელიც გვასწავლის, როგორ უნდა ვიყოთ პატრიოტები და ამ დროს გულანთებულ პატრიოტებს თვალები დათხარა და სისხლი დაღვარა,“- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ აქციაზე ვიდეო-ჩართვისას.
მან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის შესახებაც და განაცხადა, რომ ის არ შეიძლება იყოს თავისი სამშობლოს მოღალატე, განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელსაც ეს შეუძლია: „8 წელია მესმის, მიშა მოდის, მიშა მოდის. ამიტომ, უნდა დააბრალონ ადამიანს ისეთი რამ, რომ ხალხს შეაძულონ. ამიტომაც არის, რომ პატრიოტი ადამიანი ივერი მელაშვილი ციხეში ზის და მის კავშირს ადგენენ მიხეილ სააკაშვილთან, რომ ვითომ, ერთად ყიდიდნენ საქართველოს. ბატონებო, მოდი, დავფიქრდეთ ყველა, ვისაც გვიყვარს მიშა, არ გვიყვარს, პატივს ვცემთ, არ ვცემთ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანი, ვისაც რა ფულიც არ უნდა შესთავაზო, საქართველო გაყიდოს? რა თქმა უნდა, არა. და ამავე დროს, დასვით თქვენს გულებში კითხვა, არის თუ არა ის ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, ვინც შეიძლება საქართველო გაყიდოს დიდ ფულზე? პასუხი ნათელია“,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, რომელიც ერთ დღეში უნდა ჩატარდეს, ყველაზე პროდასავლური ძალის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე რუსულად გაჟერებული „თბილისოს“ ამბავს, სავარაუდოდ, გადაფარავს, თუმცა ისტორიას ის ამბად მაინც დარჩება. ამბად, კიდევ ერთხელ იმის საილუსტრაციოდ, რომ მუსიკალური ლაფსუსები საქართველოს ელექტორატს შეუმჩნეველი არ რჩება, თუმცა ისინი, მოგვიანებით, სახალისო მოგონებებად ტრანსფორმირებისკენ არიან მიდრეკილი. ამის მაგალითები უახლეს ისტორიაშიც მოიპოვება. საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი და უსერიოზულესი პოლიტიკური პროცესი, რაც 2013 წლის 29 ნოემბერს, ვილნიუსში ევოკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების ცერემონიალზე ხელმოწერით დაგვირგვინდა, ასევე, გარკვეულწილად, შალახოსთანაა ასოცირებული. ამ მელოდიამ საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უფრო პომპეზურ და ღირშესანიშნავ ცერემონიაზე წარმოაჩინა.
Facebook Forum