„ჩვენ გავაგრძელებთ ვითარების არევას“ - პაპი ეკლესიაში სტატუს კვოსთან დაპირისპირების პირობას დებს

პაპი ფრანცისკე პირობას დებს, რომ კათოლიკურ ეკლესიაში, რეფორმებისა და ცვლილებების პროცესში განაგრძობს ე.წ. სტატუს კვოსთან დაპირისპირებას.

პაპმა ამის შესახებ, პორტუგალიაში ვიზიტის დასაწყისში ისაუბრა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი ხუთი დღის განმავლობაში პორტუგალიას სტუმრობს, სადაც მსოფლიო ახალგაზრდობის დღედ ცნობილ, კათოლიკე ახალგაზრდების შეკრებას დაესწრო.

ასევე ნახეთ: პაპის წარმომადგენელი ვაშინგტონს უკრაინის საკითხზე სასაუბროდ ეწვევა

პაპის მოგზაურობას ფონად გასდევს ერთი მხრივ პორტუგალიელ სასულიერო პირებთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის შესახებ სკანდალი და ასევე, გამართული ღონისძიების ხარჯების თაობაზე პორტუგალიელთა უკმაყოფილება.

პორტუგალიისკენ ფრენისას პაპმა თვითმფრინავში მყოფ ჟურნალისტებთან საუბრისას გაიხსენა, როგორ მოუწოდა ბრაზილიაში გამართულ იმავე ღონისძიებაზე ახალგაზრდებს, ეკლესიაში თვითკმაყოფილებას არ მისცემოდნენ, არამედ ცვლილებების ხელშესაწყობად ხმა აემაღლებინათ. „ჩვენ გავაგრძელებთ ვითარების არევას“ - თქვა პაპმა.

2013 წლის შემდეგ, როცა ის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად პაპად აირჩიეს, ეკლესიაში მრავალი ცვლილება დაინერგა. პაპმა ფრანცისკემ, ეკლესიაში ქალებს მეტი ფუნქცია დააკისრა, მეტად მიმღები და ნაკლებად განსჯადი პოზიცია გამოხატა სხვადასხვა ჯგუფის, მათ შორის ლგბტქ+ თემის წევრების მიმართ. ეს კათოლიკური ეკლესიის კონსერვატიული ნაწილის გაღიზიანებას იწვევს. გადატანილი მძიმე ქირურგიული ოპერაციის შემდეგ პორტუგალიაში სტუმრობა პაპის პირველი საგარეო ვიზიტია და ის გადაადგილებისთვის ხელჯოხს ან ეტლს იყენებს.