ორშაბათს, რომის პაპმა ფრანცისკემ, ვატიკანის გავლენიანი დოქტრინის ოფისის რეორგანიზაციის საქმეში პირველი ნაბიჯი გადადგა. პაპმა თანამდებობიდან გადააყენა მნიშვნელობით მეორე თანამდებობის პირი, რომელიც - როგორც მიიჩნევა - იმ წინააღმდეგობრივ დოკუმენტზეა პასუხისმგებელი, რომელიც ერთნაირ სქესიან წყვილთა კურთხევას კრძალავს, რადგან ღმერთს „ცოდვის კურთხევა არ შეუძლია“.
ასევე ნახეთ: ჰომოსექსუალ წყვილებს ვერ ვაკურთხებთ - ვატიკანიფრანცისკემ არქიეპისკოპოსი ჯაკომო მორანდი, რომელიც ამჟამად რწმენის დოქტრინის კურიის მდივანია, იტალიური ეპარქიის რეჯიო ემილია-გუასტალას ეპისკოპოსად დაასახელა. ეს ნაბიჯი მორანდისთვის ჩამოქვეითების ტოლფასია, რადგან მას არქიეპისკოპოსის ხარისხი აქვს და მცირე ეპარქიაში იგზავნება.
ვატიკანმა განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, მორანდი არქიეპისკოპოსის წოდებას შეინარჩუნებს.
რწმენის დოქტრინის კურია ვატიკანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოფისია, რომელიც სრულიად კათოლიკური ეკლესიისთვის დოქტრინის განმარტებას ახდენს, განდგომილებს სასჯელს ადებს და სასულიერო პირების მხრიდან არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი ხასიათის არასათანადო მოპყრობის საქმეებს განაგებს. მორანდი რწმენის დოქტრინის კურიას 2015 წელს, მდივნის მოადგილის თანამდებობის დაკავებით შეუერთდა და 2017 წელს მისი მდივანი, ანუ ნომერი ორი გახდა.
მას მიაწერენ 2021 წლის მარტში გამოცემული დოკუმენტის ავტორობას, რომელმაც გეი თემი აღაშფოთა. დოკუმენტმა გამოაცხადა, რომ კათოლიკურ ეკლესიას არ შეუძლია ერთნაირ სქესიანთა კავშირების კურთხევა, რადგან ღმერთს „ცოდვის კურთხევა არ შეუძლია“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მის შესახებ ფრანცისკეს ეცნობა და პაპმა მის გამოცემას „თანხმობა მისცა“, თუმცა როგორც ჩანს, ამ დოკუმენტის გავლენა ფრანცისკესთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.
ამის შემდეგ ფრანცისკემ გეი კათოლიკების თემის და მათი ადვოკატების მიმართ რამდენიმე ჟესტი გააკეთა. მათ შორის იყო რწმენის დოქტრინის კურიის მიერ ადრე დასჯილი ამერიკელი მონაზონის, ჯენინ გრემიკისადმი გაგზავნილი მილოცვის წერილი, რომლითაც ფრანცისკემ მას 50-წლიანი ლგბტქ მღვდელმსახურება მიულოცა.
რწმენის დოქტრინის კურიას ამჟამად იეზუიტი კარდინალი ლუის ლადარია უძღვება, რომელიც მალე 78 წლის ხდება და სავარაუდოდ თანამდებობიდან გადადგება.
არქიეპისკოპოს მორანდის გარდა, რწმენის დოქტრინის კურიას კიდევ ორი „დამატებითი მდივანი“ დატოვებს, ამერიკელი არქიეპისკოპოსი ჯოზეფ დი ნოია და მალტის არქიეპისკოპოსი ჩარლზ სკიკლუნა.
მომავალი პენსიაზე გასვლები და მორანდის გადაყვანა, ოფისში მენეჯმენტის გარკვეულ ცვლილებებზე მიანიშნებს, თუმცა ამის შესახებ სავარაუდოდ იმ დრომდე არ გამოცხადდება, სანამ ფრანცისკე, ვატიკანის ბიუროკრატიის მისეული რეფორმის გეგმას არ წარმოადგენს, რასაც ამ წლის განმავლობაში ელიან.