პაპი ერთი და იმავე სქესის წყვილთა კურთხევის დეკლარაციას განმარტავს

რომის პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს მოედანზე, ვატიკანში. 14 იანვარი, 2024 წ.

რომის პაპმა ფრანცისკემ დაიცვა საეტაპო მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რომელიც კათოლიკე ეკლესიაში, ერთი და იმავე სქესის წყვილების კურთხევის ნებართვას იძლევა. ვატიკანის დოქტრინალურმა ოფისმა განჩინება 2023 წლის 18 დეკემბერს გამოსცა.

სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც კვირას, 14 იანვარს გადაიცა, პაპმა ფრანცისკემ ამ საკითხზე, გასული წლის დეკემბრის განჩინების შემდეგ, საჯარო კომენტარი პირველად გააკეთა. მისი ვარაუდით, იმ სასულიერო პირებმა, ვინც დეკლარაციას წინააღმდეგობა გაუწია, ის უბრალოდ ვერ გაიგეს, იჩქარეს და ნაადრევი ინტერპრეტაციის გამო, "მახინჯი დასკვნები" გამოიტანეს.

ასევე ნახეთ: ვატიკანმა ერთი სქესის წყვილთა დალოცვა დაუშვა

ვატიკანის დეკლარაციამ კათოლიკე მღვდლებში ფართო დებატები გამოიწვია. ზოგ ქვეყანაში, უმეტესად აფრიკის სახელმწიფოებში, საეკლესიო წინამძღვრებმა მღვდლებს ერთი და იმავე სქესის წყვილების კურთხევა აუკრძალეს. აქედან, ზოგიერთ ქვეყანაში, ლგბტქ თემის წარმომადგენლების საზოგადოებრივი აქტივობა პატიმრობით, ან ზოგან სიკვდილითაც კი შეიძლება დაისაჯოს. საფრანგეთის ზოგიერთმა ეპისკოპოსმა, სასულიერო პირებს უთხრა, რომ მათ შეუძლიათ ლგბტქ თემის წარმომადგენლების დალოცვა, მაგრამ არა წყვილების.

”უმეტეს შემთხვევაში, გადაწყვეტილებათა მიუღებლობა იმიტომ ხდება, რომ ისინი გაუგებარია”, - განაცხადა პაპმა ინტერვიუში. „საფრთხე ისაა, რომ თუ მე რაიმე არ მომწონს და გულში ჩავიდებ (მის ოპოზიციას), მე მოწინააღმდეგე ვხდები და მახინჯი დასკვნების გამოტანას ვჩქარობ... სწორედ ეს მოხდა ბოლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც, რომელიც კურთხევის ყველასთვის გაცემას ეხება“, - თქვა მან ვატიკანის რეზიდენციაში ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც ეთერში იტალიის მე-9 არხით გადაიცა.

პაპი ფრანცისკე ამბობს, რომ უფალი ყველას აკურთხებს, "მაგრამ, ამის შემდეგ, ადამიანები უნდა შევიდნენ დიალოგში უფლის კურთხევით და დაინახონ გზა, რომელსაც უფალი გვთავაზობს. ჩვენ (ეკლესიამ) უნდა ჩავკიდოთ მათ ხელი და მივიყვანოთ ისინი ამ გზამდე და თავიდანვე არ დავგმოთ".

2013 წელს კათოლიკეთა წინამძღოლად არჩევის შემდეგ, პაპი ფრანცისკე გამუდმებით ცდილობს ეკლესია, თავისი 1.35 მილიარდი მიმდევრით, გაცილებით უფრო გულღია და მიმღები იყოს ლგბტ თემის ადამიანებისთვის.