ოთხშაბათს, უკრაინის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსებმა, შეხვედრის დროს პაპ ფრანცისკეს პირდაპირ უთხრეს, რომ რუსეთზე მისმა ზოგიერთმა კომენტარმა დიდი ტკივილი გამოიწვია და მოსკოვმა ის „მკვლელი იდეოლოგიის“ გასამართლებლად გამოიყენა.
განცხადებაში, რომელიც პირდაპირობით გამოირჩეოდა, მათ თქვეს, რომ ვატიკანში პაპთან ორსაათიანი შეხვედრა „გულწრფელი საუბარი“ იყო.
კამათის საგანი იყო წინასწარ მოუმზადებელი სიტყვები, რომლითაც 25 აგვისტოს პაპმა ახალგაზრდა რუს კათოლიკეებს მიმართა. მან ისაუბრა პეტრე პირველზე და ეკატერინე მეორეზე, რომლებმაც რუსეთის ტერიტორია გააფართოვეს და თავის მსმენელებს უთხრა რომ ისინი „დიდი რუსული იმპერიის“ მემკვიდრეები იყვნენ.
პაპის კომენტარებმა უკრაინაში ძლიერი აღშფოთება გამოიწვია, რადგან პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში შეჭრის და მისი ზოგიერთი ტერიტორიის ანექსიის გასამართლებლად, სწორედ ამ ორი რუსი მონარქის მემკვიდრეობას იყენებს.
კრემლი პაპის კომენტარებს მიესალმა და რუსული ისტორიის ცოდნა შეუქო.
უკრაინელი ეპისკოპოსების განცხადებაში ნათქვამია, რომ სასულიერო პირებმა პაპის კომენტარების თაობაზე „უკრაინელი ხალხის ტკივილი, ტანჯვა და გარკვეული იმედგაცრუება“ გამოხატეს.
ორი დღით ადრე, ფრანცისკემ აღიარა, რომ რუსეთის შესახებ მისი კომენტარები ცუდად იყო შედგენილი და სურდა ახალგაზრდა რუსებისთვის დიდი კულტურული მემკვიდრეობა შეეხსენებინა და არა პოლიტიკური, იმპერიული მემკვიდრეობა.
ეპისკოპოსებმა პაპს უთხრეს, რომ მისი განცხადებები „გამოიყენა რუსულმა პროპაგანდამ რათა „რუსული სამყაროს“ მკვლელი იდეოლოგია გაემართლებინა და მხარი დაეჭირა.“
ვატიკანის განცხადება, უკრაინელი ეპისკოპოსების აღწერისგან განსხვავებით, შეხვედრის დაძაბულობაზე და პირდაპირ გამოთქმულ იმედგაცრუებაზე არაფერს ამბობს და ციტირებს პაპს, რომელმაც ეპისკოპოსებს უთხრა: „ის ფაქტი, რომ ეჭვი შეგეპარათ თუ პაპი ვის მხარესაა, უკრაინელი ხალხისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. მინდა დაგარწმუნოთ ჩემს თქვენდამი სოლიდარობაში და მუდმივ ლოცვით სიახლოვეში. მე უკრაინელი ხალხის გვერდით ვარ.“