შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ევროპის 5 ქვეყანაში ტურს აგრძელებს. უნგრეთში ვიზიტის შემდეგ, ის სამშაბათს სლოვაკეთის დედაქალაქს, ბრატისლავას ეწვია.
პომპეომ ნატოს მოკავშირეები გააფრთხილა იმაზე, რომ რუსეთი და ჩინეთი ცენტრალურ ევროპაში იმ პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას ცდილობენ, რომელიც ბოლო წლებში შეერთებული შტატების იქ არყოფნით შეიქმნა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა სლოვაკეთის მიმართ, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობიდან თითქმის 3 ათეული წელია გრძელდება.
მსგავსი კომენტარები აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წინა დღით, უნგრეთში ვიზიტის განმავლობაშიც გააკეთა. მან მოკავშირეებს ბუდაპეშტში მოუწოდა კიდევ უფრო მეტად გაზარდონ უკრაინის აქტიური მხარდაჭერა.
"მე ვესაუბრე საგარეო საქმეთა მინისტრებს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება [რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ] პუტინს, გაავლოს საზღვრები ნატოს და მის მეგობრებს შორის. უნგრელებმა კარგად იციან საკუთრი ისტორიიდან გამომდინარე, რომ ავტორიტარული რუსეთი არასდროს იქნება მომცრო ერების თავისუფლების და სუვერენიტეტის მომხრე" - განაცხადა მაიკ პომპეომ.
ბუდაპეშტს რუსეთთან ზედმეტ სიახლოვეში ხშირად ადანაშაულებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში პუტინთან რეგულარულად ჩადიოდა. რუსეთი კი უნგრეთში ორი ბირთვული რეაქტორის აშენებას გეგმავს.
პომპეო ბუდაპეშტის პეკინთან კავშირებსაც აკრიტიკებს. კერძოდ - ჩინური ტელეკომუნიკაციების იმ ფირმასთან კონტრაქტს, რომელზეც შეერთებულ შტატებს ეჭვი აქვს, რომ ის სახელმწიფოსთან სადაზვერვო საქმიანობაშია ჩართული.