ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო: საუდის არაბეთის ლიდერებს სურთ ხაშოგის მკვლელების დასჯა


ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ საუდის არაბეთის მეფე სალმანი და ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი აღიარებენ, რომ აუცილებელია ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლეს.

პომპეომ ამის შესახებ ორშაბათს, საუდის არაბეთის ლიდერებთან რიადში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამერიკის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ საუდის არაბეთის მეფემ და პრინცმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მზად არიან ამ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს პასუხი აგებინონ. თუმცა საუდის არაბეთმა თავდაპირველად რამდენჯერმე შეცვალა ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებული ვერსია. ჯერ ამბობდნენ, რომ მან უვნებელმა დატოვა საკონსულოს შენობა, თუმცა მოგვიანებით აღიარეს, რომ ის საკონსულოში მოკლეს. ამ საქმეში საკონსულოს თანამშორმლებიც იყვნენ ჩართულნი. თუმცა კატეგორიულად უარყოფენ ამ საქმესთან სამეფო ოჯახის კავშირს. ხაშოგი პრინც მუჰამედის აქტიური კრიტიკოსი იყო.

მკვლელობის შეკვეთაში თურქეთი საუდის არაბეთის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს ადანაშაულებს. დეკემბერში ამერიკის სენატმაც დაგმო მომხდარი, რის შემდეგაც კიდევ უფრო გამწვავდა დისკუსია ამერიკის მიერ საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით.

პომპეო და მუჰამედ ბინ სალმანი ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე იემენში მიმდინარე კონფლიქტის დეესკალაციის მცდელობაზე, დასაწყისისთვის კი მთავარ საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

საუდის არაბეთში ამერიკის საელჩოს ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე სახელმწიფო მდივნისა და პრინცის შეხვედრის ფოტოები გამოქვეყნდა წარწერით: "ყოვლისმომცველი პოლიტიკური გადაწყვეტა არის ერთადერთი გზა კონფლიქტის დასასრულებლად".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG