პოლონეთის პრეზიდენტი ახალ პრემიერს ორშაბათს დაასახელებს

პოლონეთის პრეზიდენტის თანაშემწემ თქვა, რომ ორშაბათ საღამოს პრეზიდენტი ანჯეი დუდა ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობას დაასახელებს. ამით კვირების განმავლობაში არსებული გაურკვევლობა დამთავრდება, რომელიც 15 ოქტომბრის არჩევნებში, მმართველი ნაციონალისტური პარტიის მიერ პარლამენტში უმრავლესობის დაკარგვას მოჰყვა.

"კანონიერების და სამართლიანობის" პარტიის მოკავშირე პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ არჩევნებამდე განაცხადა, რომ თავდაპირველად ეცდებოდა მთავრობა ერთი დიდი პარტიიდან ჩამოეყალიბებინა.

ასევე ნახეთ: პოლონეთის ოპოზიცია მთავრობის დასაკომპლექტებლად მოლაპარაკებებს დაიწყებს

მმართველი კანონიერების და სამართლიანობის პარტია, 460 ადგილიან პარლამენტში 194 ადგილით პირველ ადგილზე გავიდა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კოალიციური პარტნიორი იპოვოს. ამის ნაცვლად, შესაძლოა შემდეგი მთავრობა ჩამოაყალიბონ პრო-ევროკავშირის ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც ერთად 248 ადგილი მიიღეს.

სამი პრო-ევროკავშირის დაჯგუფება ამბობს, რომ მზად არიან ჩამოაყალიბონ კაბინეტი, რომელსაც სამოქალაქო კოალიციის ლიდერი დონალდ ტუსკი უხელმძღვანელებს, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე. კოალიციამ დუდას მოუწოდა პრემიერის დანიშვნა არ დააყოვნოს.

იმ პარტიებთან კონსულტაციების დროს, რომლებმაც პარლამენტში ადგილები მიიღეს, დუდამ თქვა რომ შემდეგი მთავრობის მეთაურის პოსტზე ორი სერიოზული კანდიდატია. ერთი - კანონიერების და სამართლიანობის პარტიის წევრი, პრემიერი მატეუშ მორავიეცკი, რომელიც თანამდებობას ტოვებს და მეორე - ტუსკი.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ყველა სხვა პარტია კანონიერების და სამართლიანობის პარტიასთან კოალიციას გამორიცხავს, მორავიეცკიმ განაცხადა, რომ მაინც აპირებს მთავრობის ჩამოყალიბება სცადოს.

თუ პრეზიდენტი მორავიეცკის მთავრობის ჩამოყალიბებას დააკისრებს და პარლამენტში ნდობის ვოტუმს ვერ მიიღებს, პარლამენტი სხვა პრემიერს თვითონ დანიშნავს.