პოლონეთის ლიბერალურმა, ევროკავშირის მომხრე ოპოზიციურმა პარტიამ, არჩევნების შედეგების მიხედვით, მომავალი მთავრობის ჩამოყალიბებაში შესაძლოა წამყვანი როლი ითამაშოს. მმართველმა ნაციონალისტებმა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებში, საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგეს.
2015 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოქმედი მმართველი პარტია, "კანონი და სამართლიანობა" (PiS), ევროკავშირის კრიტიკის სამიზნე არაერთხელ გახდა, - კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, მიგრაციისა და ლგბტქ თემის უფლებების საკითხების გამო.
ოპოზიციური პარტიები პირობას დებენ, რომ ბრიუსელთან კავშირებს გააუმჯობესებენ და გააუქმებენ ცვლილებებს, რომლებმაც მათი თქმით, პოლონეთში დემოკრატიას ძირი გამოუთხარა.
Your browser doesn’t support HTML5
Ipsos-ის ეგზიტპოლით, რომელიც ორშაბათს ადრე გამოქვეყნდა, PiS-ს ხმების 36.6% აქვს, რაც ნიშნავს 198 დეპუტატს, 460-ადგილიანი პარლამენტის ქვედა პალატაში.
ოპოზიციური პარტიები, ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის ლიბერალური დაჯგუფების სამოქალაქო კოალიციის (KO) ხელმძღვანელობით, სავარაუდოდ, 248 მანდატს მოიპოვებდნენ.
ოლქების 63%-ის დათვლის შემდეგ, ოფიციალური შედეგებით, PiS-ამ 37,5% მიიღო, KO-მ 28,6% და მისმა მოკავშირე მემარჯვენე-ცენტრისტულმა "მესამე გზამ" 14,4%.
ოპოზიციის გამარჯვება კენჭისყრაში, რომელსაც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, როგორც ევროპისთვის ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებს, შესაძლოა ხელახლა განსაზღვროს ურთიერთობა ბრიუსელსა და ევროკავშირის უდიდეს წევრ სახელმწიფოს შორის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.