ტუსკი პოლონეთში მიგრაციის კრიზისის მოგვარების პირობას დებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ოთხშაბათს, 16 ოქტომბერს, განაცხადა, რომ ის დაიცავს თავისი ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარს. ტუსკმა უარყო კრიტიკა იმის შესახებ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების მიღების დროებით შეწყვეტის გეგმა ადამიანის უფლებებს არღვევს.

ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, ტუსკი ევროკავშირის იმ ლიდერებს შორის იქნება, რომლებიც ბრიუსელში შეიკრიბებიან. ბლოკი აპირებს გაამკაცროს თავისი მიდგომა მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი სულ უფრო მგრძნობიარე ხდება მთავრობებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ცდილობს თავიდან აიცილოს ევროსკეპტიკოსებისა და ნაციონალისტური მემარჯვენეების მხრიდან არსებული გამოწვევები.

ასევე ნახეთ: ბელარუსში დაკავებულ აქტივისტზე წელიწადნახევარია, არაფერი იციან

„ხვალ და ზეგ, ბრიუსელში ჩვენ დავიცავთ პოლონეთის საზღვარს და გამოვიყენებთ ყველა ლეგალურ ინსტრუმენტს“, - განუცხადა ტუსკმა პარლამენტის წევრებს. „პოლონეთი ვერ იქნება და არც იქნება უმწეო“, - თქვა მან.

ტუსკის მიმართვამდე, პარლამენტს სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ. ის თავშესაფრის მაძიებელთა შესახემ მთავრობის პოლიტიკის კრიტიკოსთა გუნდს შეუერთდა და თქვა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება დააზარალებს ბელარუს დისიდენტებს, რომლებიც რეპრესიებს გაურბიან.

მას შემდეგ, რაც კირიტიკოსების მიერ გაყალბებულად შეფასებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, 2020 წელს, ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გახდა, 1 000-მა ბელარუსმა თავშესაფრისთვის სწორედ პოლონეთს მიმართა.

მიმომხილველები ფიქრობენ, რომ პოლონეთის 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მიგრაცია მნიშვნელოვანი საკითხი იქნება. ქვეყანა, ბელარუსის საზღვართან მიგრაციის პრობლემას 2021 წლიდან ებრძვის.

ვარშავა და ევროკავშირი აცხადებს, რომ ბელარუსმა და მისმა მოკავშირე რუსეთმა, ხელი შეუწყვეს, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან, თავშესაფრის მაძიებელთა ბელარუსის საზღვართან მოზღვავებას. მინსკი და მოსკოვი ბრალდებას უარყოფენ.