პოლონეთი: რუსეთიდან ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა რეგიონულ უსაფრთხოებას ცვლის

პოლონეთი ამბობს, რომ რუსეთს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღი გადააქვს და პროცესი უკვე მიმდინარეობს. განცხადება ამის შესახებ ანჟეი დუდამ, პოლონეთის პრეზიდენტმა გააკეთა. დუდას თქმით, მოსკოვი-მინსკის შეთანხმება რეგიონულ უსაფრთხოების არქიტექტურას და ნატოს საფრთხეს უქმნის.

პოლონეთის პრეზიდენტს არ უსაუბრია იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციას ეფუძნებოდა მისი ეს განცხადება, ამბობს სააგენტო „ასოშეითედ პრესი“.

„ნამდვილად ეს პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ამას ვხედავთ“,- ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფება.

ასევე ნახეთ: დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ზებგერითი რუსული ბომბდამშენი, სავარაუდოდ, დრონის თავდასხმის შედეგად განადგურდა

ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმება ბელარუსსა და რუსეთს შორის 2022 წლის მარტში შედგა, ივლისში კი რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა თქვეს, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსში იყო. მაშინ ეს განცხადება შეერთებულმა შტატებმა და ნატომ არ დაადასტურეს. ვაშინგტონსა და ბრიუსელში ითქვა, რომ ბირთვული იარაღის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდებოდა.

ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა რამდენიმე კვირის წინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსკოვის რიტორიკა „საშიში და დაუფიქრებელი“ იყო.

კრემლი ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული ტაქტიკური იარაღი ბელარუსის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული, მასზე კონტროლს მაინც რუსეთი შეინარჩუნებს. შეთანხმების საფუძველზე შესაძლოა ტაქტიკური შეიარაღებით აღიჭურვოს როგორც ვერტმფრენები ასევე ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემები.