პოლონეთის პრემიერი: ვარშავა არ გახდება შანტაჟის მსხვერპლი

პოლონეთი არ დაუშვებს, ევროკავშირის მხრიდან „შანტაჟს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ვარშავა მიმდინარე საკითხის დიალოგის გზით გადაჭრას შეეცდება.

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამიტი იმართება. სამიტს ფონად გასდევს ვარშავისა და ბრიუსელის დაპირისპირება, რომელიც პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 7 ოქტომბრის გადაწვეტილებას უკავშირდება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლონეთის კონსტიტუციის უპირატესობა იქნა ცნობილი, ევროკავშირის კანონებისა და შეთანხმებების პირისპირ.

ასევე ნახეთ: ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელისა და ვარშავის დაპირისპირებას ელიან

„ზოგიერთი ევროპული ინსტიტუტი ფიქრობს, რომ აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილებები საკითხებზე, რომელიც ჩვენ მათთვის არ დაგვითმია“, - თქვა მორავიეცკიმ.

ევროკავშირის სამიტი ორი დღე გაგრძელდება.

„ჩვენ შანტაჟის შესაბამისად არ ვიმოქმედებთ, მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ არ ვეთანხმებით [ევროკავშირის ინსტიტუტების] როლის დაუსრულებელ ზრდას, თუმცა ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ გადავჭრათ ეს უთანხმოება დიალოგით“, - თქვა პოლონეთის პრემიერმა.

ევროკომისიამ ვარშავას შეუწყვიტა წვდომა 66 მილიარდის ოდენობის დახმარებაზე, რომელიც კოვიდ-19-ის მერე ეკონომიკურ გაჯანსაღებას უნდა მოხმარებოდა. განიხილება ასევე სხვა სანქციებიც, როგორც ამას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ბრიუსელმა შესაძლოა პოლონეთს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლება და ფინანსური დახმარება შეუწყვიტოს. მისი თქმით, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ეს ნაბიჯი, გაერთიანების ძირეულ პრინციპს არყევს.

ასევე ნახეთ: პოლონეთის სასამართლოს პასუხად, ევროკავშირი სხვადასხვა სანქციას განიხილავს

„მე ღრმად შეშფოთებული ვარ“. - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის წინაშე. „ეს გადაწვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროკავშირის ფუნდამენტს“, - თქვა მან.

პოლონეთმა გაერთიანებისგან 2004 წლის შემდეგ, როცა ის წევრი გახდა, 227 მილიარდი დოლარი მიიღო, ბლოკის ბიუჯეტისთვის კი 72 მილიარდი გასცა.

ვარშავის ნაბიჯმა, რომლითაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის დაშლაზე, ევროკავშირის გაღიზიანება გამოიწვია. ბრიუსელში ტრიბუნალს მმართველი "კანონის და სამართლიანობის პარტიის" პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ რეფორმები, რომელსაც ვარშავა ატარებს სასამართლო სისტემაში, მის დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ასევე ნახეთ: ევროკავშირი ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს

პოლონეთის არგუმენტი კი ისაა, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგა ასევე გერმანიამაც, რომელმაც უარყო მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწვეტილება, ევროპული ცენტრალური ბანკის ნაბიჯების გარშემო. ბრიუსელი ამ შემთხვევაშიც, ბერლინის წინააღმდეგ, სასამართლო პროცესს მიმართავს.

აღნიშნული საკითხები, ექსპერტების თქმით, ამძაფრებს საუბარს სუვერენიტეტზე და იმაზე, თუ რამდენი ძალაუფლება უნდა ჰქონდეს ევროკავშირს მისი წევრების წინაშე. დებატები კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა 2016 წლის რეფერენდუმით, გაერთიანება დატოვა.