ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრში პოლ მანაფორტის სასამართლო პროცესია, რომელიც დღეს ვირჯინიის ქალაქ ალექსანდრიაში იწყება. პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ თავმჯდომარეს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული და მისი სასამართლო ვირჯინიის შემდეგ, ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქშიც გაიმართება.
მანაფორტისთვის წაყენებულ ბრალეულობებს შორისაა გადასახადებზე თავის არიდება, მილიონობით დოლარის შემოსავლის და უცხოეთში გახსნილი საბანკო ანგარიშების დამალვა, საბანკო კრედიტების უკანონო გზით მოპოვება და სხვა. მას ბრალი ვაშინგტონში დანიშნულმა სპეციალურმა გამომძიებელმა - რობერტ მალერმა წაუყენა, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის რუსეთთან სავარაუდო თანამშრომლობას იძიებს.
მანაფორტი თავიდან შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, მოწმეებზე ზეწოლის გამო, მისი იზოლირება უფრო მიზანშეწონილად ჩაითვალა და ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს. პროკურატურამ სასამართლოს მანაფორტის ბრალეულობის დამადასტურებელი ასობით დოკუმენტი წარუდგინა. სპეციალური გამომძიებლის სიაში 35 მოწმეც არის დასახელებული, რომლებიც ჩვენებას მის წინააღმდეგ მისცემენ. მათ შორის არიან ბუღალტრები, ფინანსური მრჩევლები, საგადასახადო სპეციალისტები და უძრავი ქონების აგენტები.