ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპის თანაშემწეებს თაღლითობაში ადანაშაულებენ


პოლ მანაფორტი
პოლ მანაფორტი

სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის გუნდმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს და მის მოადგილეს რიკ გეითსს 32-ეპიზოდიანი ბრალი წაუყენა. ბრალდებების ძირითადი ნაწილი გადასახადებისგან თავის არიდებასა და თაღლითობას შეეხება.

რიკ გეითსმა დღეს ნაშუადღევს განაცხადა, რომ მისთვის წაყენებული ათზე მეტი ბრალიდან ორში თავს დამნაშავედ ცნობს და გამოძიებასთან ითანამშრომლებს. გეითსი ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგა და მოსამართლე ემი ბერმან ჯექსონს განუცხადა, რომ ბრალს საკუთარი ნებით აღიარებს.

გეითსს ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა პროკურორები ამბობენ, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს გაითვალისწინებენ. პირველი, ეს არის ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტების საწინააღმდეგო ქმედება, რომლითაც ის ხელს უშლიდა სამთავრობო სტრუქტურებს თავის საქმიანობის განხორციელებაში, როგორიცაა მაგალითად სახელმწიფო ხაზინა. მეორე ბრალი კი, რომელსაც გეითსი აღიარებს , ეს ყალბი ჩვენების მიცემაა.

გეითსი აღიარებს, რომ სპეციალურ გამომზიებელ მალერსა და “გამოძიების ფედერალურ ბიუროს” პირველ თებერვალს მცდარი ჩვენება მისცა 2013 წელს გამართული იმ შეხვედრის თაობაზე, რომელსაც “მთავარი ლობისტი” და კიდევ ერთი კონგრესმენი ესწრებოდა, რომლის ვინაობაც მაშინ არ დასახელებულა. გეითსმა ისიც აღიარა, რომ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ამ შეხვედრაზე უკრაინის შესახებ საუბარი არ ყოფილა.

უშუალოდ პოლ მანაფორტის მიმართ არსებული ბრალდებების ნაწილი საშემოსავლო გადასახადის დაბრუნების შესახებ შევსებულ განაცხადებს უკავშირდება, მეორე ნაწილი კი უცხოური ბანკებისა და ფინანსური ანგარიშების შესახებ არასწორად მიწოდებულ ან დამალულ ინფორმაციას.

გეითსს რაც შეეხება, მისთვის წაყენებული ბრალიც საშემოსავლო გადასახადის დაბრუნების მოთხოვნისას ყალბი ინფორმაციის მითითებას და ასევე უცხოური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის დაფარვას უკავშირდება. საბოლოოდ, ორივე მათგანს ამ საბანკო თაღლითობების დაგეგმვასა და მათ განხორციელებაში ედება ბრალი.

პროკურორები ამტკიცებენ, რომ ორივე მათგანი აყალბებდა ფინანსურ დოკუმენტებს, ატყუებდა საგადასახადო დოკუმენტაციის მომზადებაში დამხმარე პირებს და ასევე ახორციელებდნენ საბანკო თაღლითობას იმ თანხის გამოყენებით, რომლებსაც ისინი ოფშორული ანგარიშების მეშვეობით დაუნანებლად ხარჯავდნენ უძრავი ქონების შესაძენად, ინტერიერის დიზაინისა თუ ფუფუნების სხვა საგნებისთვის.

ამ ახალ ბრალდებამდე ერთი კვირით ადრე მალერის გუნდმა ბრალი დასდო რუსეთის 13 მოქალაქეს იმაში, რომ ისინი მასობრივი შეთქმულების მონაწილენი იყვნენ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოსახდენად. თუმცა მანაფორტისა და გეითსის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები არ უკავშირდება რუსეთთან შესაძლო კავშირის შესახებ ეჭვებს. მანაფორტის პრეს-სპიკერი ამბობს, რომ პრეზიდენტის კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ყველა საქმეში გამართლდება.

"პოლ მანაფორტი უდანაშაულოა წარმოდგენილ ბრალდებებში და სრულებით დარწმუნებულია, რომ მას გაამართლებენ. ამ ახალ ბრალდებებს, ისევე როგორც წინას, არაფერი აქვს საერთო რუსეთთან შესაძლო კავშირსა და არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან", - განაცხადა დღეს ჯეისონ მალონმა, მანაფორტის სპიკერმა.

მანაფორტის და გეითსის გარდა, გამოძიების ყურადღების ცენტრში დონალდ ტრამპთან დაახლოებული სხვა წევრებიც არიან. რობერტ მალერის გუნდმა, რომელიც სპეციალურ გამომძიებლად მაისში დაინიშნა, უნდა გამოიძიოს, ჰქონდათ თუ არა ამჟამინდელი პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის წევრებსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს კონტაქტი. პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი და კამპანიის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯორჯ პაპადოპოლუსი ასევე ბრალდებულნი არიან "გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის" ტყუილის თქმაში.

მალერის გამოძიების ერთ-ერთი მიზანი იმის დადგენაცაა, გადააჭარბა თუ არა პრეზიდენტმა უფლებამოსილებას, როდესაც გასული წლის მაისში, "გამოძიების ფედერალური ბიუროს" დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გადააყენა. მალერის გუნდმა განაცხადა, რომ პრეზიდენტისთვის კითხვების დასმა სურს, თუმცა ტრამპი ამბობს, რომ ნაკლებ სავარაუდოა, ის დაკითხონ.

მალერის გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია ამერიკის რომელიმე მოქალაქის, მათ შორის პრეზიდენტის გარემოცვის წევრების, კავშირი რუსეთის ხელისუფლებასთან. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას გამომძიებლებმა რუსეთის 13 მოქალაქე და 3 ორგანიზაცია კრემლისგან მართულ შეთქმულებაში ამხილეს. შეთქმულების და მათი ქმედებების მიზანი კი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ, მისი მოწინააღმდეგეების რეპუტაციის შელახვა და საზოგადოებრივი განწყობების შესაბამისი ფორმირება იყო. მანაფორტი და გეითსი ამბობენ, რომ გამოძიების ამ მიმართულებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ. ​

მანაფორტსა და გეითსს თავდაპირველად, ოქტომბერში, 12-ნაწილიანი ბრალი წაუყენეს, რომლის მიხედვითაც ისინი მონაწილეობდნენ რამდენიმე-მილიონ დოლარიან თაღლითობაში. ფედერალური სასამართლოს მაშინდელი ბრალდებით, მანაფორტი, რომელიც ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას, სამი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, უცხო ქვეყნის მთავრობის, კერძოდ, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის პრო-რუსული "რეგიონების პარტიის" ლობისტად, კანონის დარღვევით, რეგისტრაციის გარეშე მუშაობდა. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ეს საქმიანობა უფრო ფართო სქემის ნაწილი იყო, რომელშიც გეითსიც მონაწილეობდა. პროკურატურის მტკიცებით, ისინი ცდილობდნენ, შეერთებულ შტატებში იმ პარტიის ინტერესები გაეტარებინათ, რომელიც უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და უკრაინაში პრო-რუსულ პოლიტიკას ატარებდა.

ბრალდების თანახმად, მანაფორტი და გეითსი შეერთებულ შტატებში 12 ორგანიზაციას, კვიპროსში აგრეთვე 12 ორგანიზაციას და უცხოურ ქვეყნებში კიდევ სამ ორგანიზაციას აკონტროლებდნენ, რომელთა ოფშორულ ანგარიშებზე, საერთო ჯამში, 75 მილიონმა დოლარმა გაიარა. მანაფორტს 18 მილიონი დოლარის, გეითსს კი სამი მილიონი დოლარის გათეთრება ედება ბრალად.

პარტნიორებს და კოლეგებს ახლა სხვა ბრალდებებიც დაემატათ. როგორც ირკვევა, ისინი ოფშორული თანხების ტრანზაქციებისთვის ხანგრძლივად ატყუებდნენ ბანკებს. არაკანონიერი, ფარული ლობისტური საქმიანობიდან მიღებულ მილიონობით დოლარს ოფშორული კომპანიებიდან მიღებულ სესხებად ასაღებდნენ და გადასახადებსაც ირიდებდნენ თავიდან. ასეთივე თაღლითური სქემებით, მათ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან 20 მილიონ დოლარზე მეტი სესხებიც მიიღეს.

მას შემდეგ კი, რაც 2014 წლის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა და მოსკოვში გაქცეულიყო, მანაფორტის შემოსავალი უეცრად შემცირდა.

ბრალდების ახალი ცნობებით, თაღლითურად მიღებული თანხის ოდენობა 30 მილიონს აღწევს. გარდა ამისა, მანაფორტი და გეითსი 2010-დან 2014 წლამდე ამერიკის შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენილ დოკუმენტებში გამუდმებით მალავდნენ თავიანთ უცხოურ ანგარიშებს. ფედერალური სამსახურისთვის ყალბი ცნობების მიწოდებისთვის მათ შეიძლება ცალკე ბრალიც წაუყენონ.

პოლ მანაფორტი ამ დროისთვის შიდა პატიმრობაში რჩება. გეითსმა კი ადვოკატები შეცვალა და გუშინ მისი ინტერესების დამცველად სრულიად ახალი პირები გამოცხადდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG