ცხინვალში სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ

ცხინვალში სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ

სასამართლომ ცხინვალში დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები გააუქმა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არშემდგარად გამოაცხადა. სხდომა, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცამაზ ბიჩენოვი უძღვებოდა და რომელიც პარტია „ედინსტვოს“ სარჩელის საფუძველზე აღიძრა, დღეს შუადღის 12 საათზე დაიწყო. სააგენტო „რესი“ დეკლარირებს, რომ „ედინსტვოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი კმაყოფილია სასამართლოს გადაწყვეტილებით. პრეზიდენტობის მეორე კანიდატის, ალა ჯიოევას მომხრეები კი ცხინვალში, თეატრის ბაღში იკრიბებიან და საკუთარი არჩევანის „ასე უბრალოდ“ დათმობას არ აპირებენ. „ჩვენ ჯერ კიდევ გუშინ ვახერხებდით ხალხის დაოკებას, თუმცა დღეს უკვე ყოველგვარ პასუხისმგებლობას ვიხსნით მოვლენების განვითარებაზე. ხალხი აპირებს დაიცვას საკუთარი არჩევანი და არავის შეუძლია აიძულოს ისინი სხვაგვარად მოიქცნენ. ყოველი მხრიდან გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ არ დათმობენ საკუთარ არჩევანს,“– ამბობს მიხაილ ხანიკაევი, ალა ჯიოევას შტაბის ხელმძღვანელი „უასამონგასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში მოვლენების ამგვარ განვითარებას არავინ პროგნოზირებდა. ყველასთვის მოულოდნელად წარმატებას საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციურმა კანიდატმა, ალა ჯიოევამ მიაღწია. მისი კამპანია ოპონენტთან შედარებით გაცილებით თანამიმდევრული და მომზადებული აღმოჩნდა. ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ ამომრჩევლების მობილიზება და საზოგადოებამდე წარმატებული მესიჯების მიტანა, არამედ ინტერნეტ რესურსებით მაქსიმალური სარგებლობაც, რასაც მისი შტაბი აკეთებს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რომ წარმატება ჯიოევას მხარეს იყო, ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბელა პლიევაც იუწყებოდა. მისი განცხადებით, ამომრჩეველთა 51 პროცენტის მხარდაჭერა ოპოზიციურ კანდიდატს ერგო.

დე–ფაქტო ადმინისტრაცია არჩევნებამდე აცხადებდა, რომ მისი დემოკრატიულად წარმართვის გარანტორები, გარკვეულწილად იყვენენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წამომადგენელი, რომელიც ცხინვალში არჩევნებს აკვირდებოდა, ამბობს, რომ არჩევნებმა ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა. მას არ შეუმჩნევია არანაირი ექსცესი. იგი აცხადებს, რომ ამგვარი არჩევნები სამაგალითოა მათ შორის, რაც კავკასიაში: აზრებაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში ჩატარებულა. მისივე თქმით, ცხინვალში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანობის თვალსაზრისით შესაძლოა შევადაროთ მხოლოდ აფხაზეთში გამართულ არჩევნებს. „შემიძლია გითხრათ, რომ ცეესკოს მონაცემები, ფაქტობრივად ემთხვეოდა იმ მონაცემებს, რაც ჯიოევას შტაბიდან მოდიოდა. სამწუხაროდ, მე ვერ ვნახე მონაცემები, ციფრები, ბიბილოვის შტაბიდან. რატომ არ გზავნიდნენ ამ მონაცემებს?“ ფრანგი დამკვირვებელი ამბობს, რომ იგი მუშაობს „დემოკრატიის ინსტიტუტში“, რომელსაც ოფისი აქვს პარიზში, მისი ხელმძღვანელი კი ნატალია ნაროჩნიცკაიაა.

პრეზიდენტობის კანიდატმა ალა ჯიოევამ დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართა. მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, დამკვირვებლებსა და ცენტრალურ საარჩვევნო კომისიას. მიმართა ასევე ოპონენტსაც და მოუწოდა, რომ უნდა აღიაროს დამარცხება. „ბიბილოვს ექნება რევანშის შანსი, მხოლოდ მომავალ არჩევნებზე. ამის გამო, შესაძლოა მას საზოგადოებამ რევანშისტიც უწოდოს. პირველს რასაც ვიზამ, როგორც პრეზიდენტი, მოვინახულობ ციხეს და იქ მყოფ უკანონო პატიმრებს,“– განაცხადა ჯიოევამ პრესკონფერენციაზე.

„ახლა ჩვენზე ზეწოლა მიმდინარეობს არა საქართველოსგან, არამედ რუსეთის მხრიდან, მხოლოდ მე ვგულისხმობ იქაურ საშუალო დონის ჩინოვნიკებს და არა პირველ პირებს. ბიბილოვისადმი მხარდაჭერის იძულებით ხელისუფლება კომპრომეტირებას უკეთებს ისეთ დემოკრატ ლიდერებს, როგორიცაა პუტინი, მედვედევი და მთელი რუსი ხალხი. ახლა აღარაა ომის დრო, ამიტომ ჩვენ მშვიდლობისმოყვარე, განათლებული ლიდერი გვჭირდება. ომის პერიოდი რომ ყოფილიყო, მაშინ შეიძლებოდა არჩევანი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელზე გაგვეკეთებინა. ჩვენი საზოგადოება რთულ მდგომარეობაშია, მათ მშვიდობა უნდათ, ისინი დაიღალნენ ომით,“– აცხადებს ჯიოევას ერთ–ერთი მხარდამჭერი ვლადიმირ სანაკოევი.

„სამხრეთ ოსეთში ყველაფერი მზადაა დაუმორჩილებლობის აქციებისთვის“ აცხადებენ ოპოზიციურ საიტზე. ეს პირველი არჩევნებია ცხინვალში, როდესაც საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვა არა კრემლის მიერ ოფიციალურად მხარდაჭერილმა კანიდატმა, არამედ, ოპოზიციის ლიდერმა.