ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ


ცხინვალში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ
ცხინვალში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ

ხუთგრადუსიანი ყინვისა და დიდი თოვლის მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნები აქტიურად მიმდინარეობს ცხინვალში. მონაწილეობას 11 დარეგისტრირებული კანდიდატი იღებს. ამომრჩეველთა რაოდენობა კი 34 ათასია. დე–ფაქტო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე აცხადებენ, რომ არჩევნებს 10 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება, რომლებიც 73 ადამიანითაა წარმოდგენილი. საარჩევნო უბნები დე–ფაქტო რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ორ ადგილასაა გახსნილი, მოსკოვსა და სოხუმში. ოფიციალური ვებგვერდი იმასაც იუწყება, რომ სოხუმში დილის 11:45 წუთზე უკვე 20 ამომრჩეველს ჰქონდა მიცემული ხმა, 16:09 წუთისთვის კი 21 ამომრჩეველს. რაც შეეხება ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნებს, ისინი იქ არ განუთავსებიათ. ჩრდილო ოსეთში მცხოვრებ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ხმის მიცემა მხოლოდ როკის გვირაბის გამოვლის შემდეგ მიეცათ.

რაც შეეხება თავად პრეზიდენტობის კანდიდატებს, მათ შორის არიან ვადიმ ცხოვრებოვი, ვლადიმერ ქელეხსაევი, დიმიტრი ტასოევი, ანატოლი ბიბილოვი, ჯემალ ჯიგკაევი, სოსლან თედეთი, სერგეი ბიტიევი, ალან პლიევი, ედუარდ გაბარაევი, ალან კოჩიევი და ერთადერთი ქალბატონი ალა ჯიოევა, რომელიც კანდიდატად მას შედეგ დარეგისტრირდა, რაც ჯამბოლათ თედეევს, რუსეთის ფედერაციის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების მწვრთნელს საარჩევნო კომისიამ ცხინვალში უარი უთხრა რეგისტრაციაზე. სავარაუდოდ, სწორედ მისი მომხრეების დაბლოკვის მიზნით წელს უარი თქვა ცხინვალმა ვლადიკავკაზში საარჩევნო უბნების გახსნაზე. წინასაარჩევნო კამპანიის წინა პერიოდში იქ არ წყდებოდა აქციები, რომლებსაც სწორედ ჯამბოლათ თედეევის მომხრეები მართავდნენ. ისინი კოკოითის პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებდნენ, მისი უსამართლობისა და მომხვეჭელობის შესახებ განცხადებებს აკეთებნენ. თავად კოკოითი არჩევნებში არ მონაწილეობს, რადგან პრეზიდენტად იგი ორი ვადით უკვე იყო. ექსპერტი კავკავსიის საკთხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ვადიკავკაზში საარჩევნო უბნების გაუხსნელობით, დაიბლოკება დაახლოებით 17 ათასი ამომრჩევლის ხმა. საერთაშორისო დამკვირვებლების შესახებ ექსპერტი ამბობს, რომ ეს შესაძლოა იყვენენ კერძო კომპანიები, რომლებიც პრაქტიკის მიღებით არიან დაინტერესებულნი. „თუ არჩევნები შედგა და მეორე ტურიც არ დაინიშნა, ვფიქრობ, ბრძოლა, ძირითადად ოთხ კანდიდატს შორის გაიმართება. ესენი არიან ცხოვრებოვი, ქელეხსაევი, ტასოევი და ბიბილოვი,“– ამბობს მამუკა არეშიძე.

წინასაარჩევნოდ ცხინვალში ადგილობრივმა ტელევიზიამ დებატები კანდიდატებს შორის ღია ეთერით გადასცა. ალან პლიევი, ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტობის მსურველი საკუთარ გამოსვლაში აღნიშნავდა, რომ მთავარი ნაკლი, რომლის გამოსწორებაც ცხოვრებას უკეთესს გახდის, სწორი კადრების შერჩევაა ხელისუფლებაში, რომლებიც ნათესაობისა და ახლობლობის პრონციპით არ უნდა აირჩეს.

ალა ჯიოევა, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატის მთავარი მესიჯი კი იმაში მდგომარეობს, რომ პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმის ერთობლივი რეალიზება უნდა მოახერხონ მმართველობაში მყოფმა ადამიანებმა. „ამას ამბობს სწორედ პრეზიდენტი პუტინი,“– აცხადებს ქალბატონი ალა.

ვინ იქნება საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული, მომდევნო დღეებში გაირკვევა. არჩევნები საღამოს რვა საათზე დასრულდება. იქ ხმის დათვლის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და სწორედ ახლა მიმდინარეობს, როდესაც თქვენ ამ სიუჟეტს უსმენთ.

XS
SM
MD
LG