ამერიკა ევროპაში რუსეთის აგრესიას პასუხობს

რუსეთის აგრესიას პრეზიდენტი ბარაკ ობამა ევროპაში თავდაცვის გაძლიერებით პასუხობს. ახალი გეგმით, ევროპის ქვეყნებში სამხედრო ბიუჯეტი გაოთხმაგდება.

შეერთებული შტატების 2017 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე საბოლოო სახით 9 თებერვალს გამოქვეყნდა, სათაურის ქვეშ „რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ევროპელ მოკავშირეთა მხარდასაჭერად“ მითითებულია 4.3 მილიარდი ამერიკული დოლარი. ის მოიცავს მთელ სპექტრს პოლიტიკური, ეკონომიკური, სახალხო დიპლომატიის და სამხედრო მიზნებისთვის გადადგმული ნაბიჯების, რითაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციას სურს რომ წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას ევროპაში და გაზარდოს რწმენა ნატოს (ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის) წევრებს, თუ ევროპის და ცენტრალური აზიის პარტნიორ ქვეყნებს შორის. ამ ბიუჯეტის ნაწილია 3.4 მილიარდი დოლარი, რომელიც შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს კონკრეტულად „ევროპის მხარდაჭერის ინიციატივისთვის“ (ERI - European Reassurance Initiative) გამოეყოფა.

„აშკარაა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა მეტი უნდა იღონონ ევროპის თავდაცვის დასაწინაურებლად, მისი მთლიანობის, თავისუფლების და მშვიდობის მხარდაჭერის მიზნით. ამიტომაც ჩემმა ადმინისტრაციამ დღეს 2017 წელს „ევროპის მხარდაჭერის ინიციატივისთვის“ ფონდების ოთხჯერ გაზრდის შესახებ გამოაცხადა.

3.4 მილიარდის სუბსიდირება შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს გააძლიეროს ჩვენი მტკიცე სამხედრო პოზიციები ევროპაში და გააუმჯობესოს ჩვენი უნარი ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ მე-5 მუხლის ვალდებულების ერთგული დავრჩეთ. ამ ნაბიჯმა გარკვევით უნდა აჩვენოს, რომ ამერიკა მტკიცედ დგას საკუთარი მოკავშირეების გვერდით არამარტო ნატოს ტერიტორიის დაცვის, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობის და წესრიგის საერთო პრინციპების დაცვის საქმეში“ - ნათქვამია პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ერთი კვირით ადრე, 2 თებერვალს ბიუჯეტის თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის მხრიდან უკრაინაში თითქმის ორი წლის წინ განხორციელებულ აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგრესიის დაწყებიდან დღემდე ამერიკა „გადამწყვეტ და მტკიცე ზომებს იღებს“, რათა მოკავშირეები საკუთარ თანადგომაში დაარწმუნოს.

იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თეთრი სახლის ადმინისტრაცია რუსეთის აგრესიის პრობლემას, ერთი შედარებაც საკმარისია: ობამას ინიციატივა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსთვის გასულ წელთან შედარებით თანხების მხოლოდ 50 პროცენტით გაზრდას გეგმავს. რუსეთის შემთხვევაში კი ზრდა ოთხჯერ დიდია: 789 მილიონიდან 3.4 მილიარდამდე. პენტაგონის მომავალი წლის ბიუჯეტისთვის ობამას ადმინისტრაცია 583 მილიარდ დოლარს ითხოვს. რუსეთი მხოლოდ ერთია იმ 5 მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას შორის, რომელიც თავდაცვის მდივნის ეშტონ კარტერის განმარტებით, ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეას, ირანს და კონტრტერორიზმის საფრთხეებს მოიცავს. პენტაგონის ხელმძღვანელი რუსეთს მზარდ საფრთხედ თვლის და ამბობს, რომ „25 წლის წინ ამაზე ამერიკას შეწუხება არ უწევდა“. თუმცა, სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა.

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის ფაქტს ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ნაბიჯად აფასებს ეველინ ფარკასი. ის 2015 წლის ოქტომბრამდე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწე იყო რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებში. „ეს რუსეთის შეკავების მიმართ ერთგულების უზარმაზარი ნიშანია, რაც გააძლიერებს ჩვენს კავშირებს და პარტნიორობას ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო“ - აღნიშნავს ეველინ ფარკასი „ნიუ-იორკ თაიმსთან“ საუბარში.

მაგრამ კონკრეტულად საქართველო წელს „ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის“ 2 თებერვალს წარმოდგენილ ბიუჯეტში ნახსენები არ არის. ანალიტიკოსი მაიკლ რუბინი, რომელიც პენტაგონის ყოფილი ოფიციალური პირია და ახლა ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტში მუშაობს, შიშობს, რომ ეს შესაძლოა რუსეთთან სირიის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების გამო ხდებოდეს.

„ჩემი ერთ-ერთი უდიდესი შეშფოთების საგანია ის, რომ ვიდრე ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები რუსეთის დაყოლიებას სირიის თაობაზე ცდილობენ, იმისთვის, რომ რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან მოიყვანონ, შესაძლოა საქართველოში და უკრაინაში მომხდარის ერთგვარი რატიფიკაციისთვის რუსეთზე ზეწოლის შემცირება ხდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის. პრობლემა ამგვარ დათმობებთან, ან თუ გნებავთ, უმოქმედობასთან დაკავშირებით იმაში მდგომარეობს, რომ თუ დათმობა მოხდა, ამის შემდეგ ძველ პოზიციაზე უკან დაბრუნება ძალიან რთული ხდება“ - განაცხადა მაიკლ რუბინმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ნატო ევროპაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბიუჯეტის გაზრდას მიესალმა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თავმჯდომარე იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ამერიკის მთავრობის ქმედება „აშკარა ნიშანია იმის, რომ შეერთებული შტატები ევროპის უსაფრთხოებას ემხრობა“. ამ ნაბიჯით განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.

რაც შეეხება მოსკოვის რეაქციას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპასთან ურთიერთობის დირექტორმა ანდრეი კელინმა „რია-ნოვოსტისთან“ ინტერვიუში თქვა, რომ შეერთებული შტატები ამ მიმართულებით განუზომლად დიდ ინვესტიციას აკეთებს და რუსეთის მხრიდან იგივე მოცულობის სუბსიდირება მოსალოდნელი არ არის.

„სიმეტრიული ნაბიჯების გადადგმა არარეალურია, იმ უზარმაზარი თანხების გათვალისწინებით, რასაც ამერიკელი პარტნიორები ამ ეტაპზე გეგმავენ. მომავალ წელს ისინი ოთხჯერ მეტი თანხის ჩადებას აპირებენ. დარწმუნებული ვარ, რომ სიმეტრიული პასუხი ამისთვის საჭირო არ არის. კომპენსაციის მიზნით და ნორმალური სამხედრო-სტრატეგიული ბალანსის შესანარჩუნებლად ზომებს ისედაც ვიღებდით და მომავალშიც მივიღებთ“ - განაცხადა ანდრეი კელინმა.

მაიკლ ოჰანლონის, ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარის თქმით, მოსკოვში კარგად ესმით, რომ ამერიკა ევროპაში სამხედრო კონტინგენტის მოცულობის გაზრდით, რუსეთს უშუალო საომარ საფრთხეს არ უქმნის. არამედ, „საუბარია რეგიონში ერთი-ორი ბრიგადის ყოლაზე, ანუ რამდენიმე ათას ამერიკელ ჯარისკაცზე. საჭიროების შემთხვევაში, მათ კიდევ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი დაემატება. შესაბამისი აღჭურვილობა ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე მუდმივად იქნება განლაგებული“ - განმარტავს ბრუკინგსის ინსტიტუტში უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ექსპერტი. თუმცა, მაიკლ ოჰანლონი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მხრიდან უფრო მკვეთრ რეაქციას არ გამორიცხავს, რაც ანალიტიკოსის თქმით, მომავალში ამ ორ ქვეყანას შორის „ურთიერთობის სერიოზული გართულების საშიშროებას შექმნის“.

პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული 4.1 ტრილიონის მოცულობის ამერიკის მთავრობის ბიუჯეტი კონგრესს ფორმალურად 9 თებერვალსვე წარედგინა. კანონმდებლებმა ის ფისკალური წლის ბოლომდე, 2016 წლის სექტემბრამდე უნდა დაამტკიცონ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, ბიუჯეტი ფართო განხილვის საგანი გახდება და იქნება სპეკულაციებიც მთავრობის მოსალოდნელი დახურვის თაობაზე.