ხუთშაბათს, კაპიტოლიუმის პოლიციამ დააკავა მამაკაცი ჩრდილოეთ კაროლინიდან, მას შემდეგ რაც მან თქვა, რომ გაჩერებულ მანქანაში ასაფეთქებელი მასალები ჰქონდა.
49 წლის ფლოიდ რეი როუზბერი, საათობით გაგრძელებული მოლაპარაკებების და კაპიტოლიუმის ევაკუაციის შემდეგ, პოლიციას ჩაბარდა და ის მშვიდობიანად დააკავეს.
ასევე ნახეთ: ტრამპის მხარდამჭერებს კაპიტოლიუმი აფეთქების სურვილი აქვთ - შიდა ტერორიზმის საქმე
კაპიტოლიუმის პოლიციის უფროს ტომ მენგერის თანახმად, ოფიცრებმა სიგნალზე რეაგირება მოახდინეს მას შემდეგ, რაც მამაკაცმა მსუბუქი სატვირთო მანქანა კონგრესის ბიბლიოთეკის წინ, კაპიტოლიუმის შენობის აღმოსავლეთ მხარეს გააჩერა და მასთან მისულ პოლიციელს უთხრა, რომ ბომბი ჰქონდა. ოფიცერმა დაინახა, რომ როგორც ჩანდა, მამაკაცს ხელში დეტონატორი ეკავა.
პოლიციამ განაცხადა, რომ მძღოლის ჩაბარების შემდეგ მათ მანქანა გაჩხრიკეს და ბომბი არა, მაგრამ ბომბის დასამზადებელი მასალები აღმოაჩინეს. პოლიციას ეჭვმიტანილის მოტივზე არაფერი უთქვამს და არც ბრალდებების შესახებ გამოუცხადებია.
დაპირისპირების დროს, პოლიციას ეჭვმიტანილთან კომუნიკაცია წერილობით ჰქონდა. ეჭვმიტანილი ტექსტებს მანქანაში წერდა და პოლიციელებს იქიდან აჩვენებდა. პოლიციელები მას პასუხს საწერი დაფის საშუალებით სცემდნენ.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცმა დაპირისპირების ვიდეო “ფეისბუქში” პირდაპირი ჩართვით გაავრცელა და მთავრობის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა. კაპიტოლიუმის პოლიციამ ეს ინფორმაცია ვერ დაადასტურა. “ფეისბუქმა” ვიდეო წაშალა.