ნიგერის პრეზიდენტი საკუთარ მცველებს სასახლეში ჰყავთ დაკავებული

მოჰამედ ბაზუმი, ნიგერის პრეზიდენტი

ნიგერის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენელთა ცნობით, ქვეყნის ლიდერი მოჰამედ ბაზუმი სასახლეშია და მას თავისივე დაცვა ტერიტორიას არ ატოვებინებს. დედაქალაქი დღეს დილიდან სამხედრო მანქანების ალყაშია და ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან იზოლირებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრეზიდენტის დაცვა "რესპუბლიკის წინააღმდეგ" მოძრაობაშია ჩართული და ეს "ამაოდ დასრულდება", პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები კი თავს კარგად გრძნობენ. მათი მტკიცებით, ეროვნული ჯარი მზადაა მცვველებს შეუტიოს თუკი ისინი პრეზიდენტ ბაზუმს არ გაათავისუფლებენ.

დასავლეთ აფრიკის უმთავრესი რეგიონული და ეკონომიკური ბლოკი ECOWAS შეშფოთებას გამოთქვამს და ამბოხის მონაწილეებს პრეზიდენტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

პრეზიდენტის სასახლის გარდა, ბლოკირებულია ნიგერის სამინისტროები, რომლებიც მის გვერდით მდებარეობს. საპრეზიდენტო უსაფრთხოების წყაროების ცნობით, მთავრობის თანამშრომლებს არ აქვთ ოფისებზე წვდომა.

ნიგერში კიდევ ერთი გადატრიალების მცდელობა ორი წლის წინ, 2021 წელს მოხდა. სამხედროებმა მაშინაც სცადეს ბაზუმის ხელისუფლებიდან ჩამოცილება, საპრეზიდენტო ფიცის დადების წინ. 2020 წლის შემდეგ კი მეზობელ ქვეყნებში 4 გადატრიალება მოხდა, რასაც მალიში და ბურკინა ფასოში ხელისუფლების სამხედრო ძალით ჩანაცვლება მოჰყვა. ამ მოვლენებს წინ ნიგერის მეტ-ნაკლებად მსგავსი პროცესები უძღოდა წინ.

ასევე ნახეთ: მიანმარში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ