ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიანმარში შეტაკებები გრძელდება - დაღუპულთა რაოდენობა 500-ს აჭარბებს


მიანმარში შეტაკებები გრძელდება. სამთავრობო უსაფრთხოების ძალების მიერ მოკლული აქციის მონაწილეების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. ყოველ დღე ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე შეტაკებების დროს არაერთი ადამიანი იღუპება.

დღეს დილიდან აქციის მონაწილეებმა ახალი კამპანია წამოიწყეს, რომელიც ქალაქის ქუჩებში საყოფაცხოვრებო ნარჩენის დაყრას გულისხმობს. გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყნის ჩრდილოეთით 23 წლის ახალგაზრდა უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა მაშინ მოკლეს, როდესაც ის ქალაქს ასუფთავებდა. ფოტოები სადაც აქციის მონაწილეები ქუჩაში ნაგავს ყრიან ინტერნეტს სივრცეში ვრცელდება.

ბოლო ყველაზე სისხლიანი დღე მიანმარში შაბათს იყო. უსაფრთხოების ძალებმა აქციის 141 მონაწილე მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაცია ავრცელებს.

ამავე ორგანიზაციის მონაცემებით ქვეყანაში 3 000-მდე ადამიანია დაკავებული, რომლებიც სხვადასხვა აქციების დროს დააკავეს. პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაციაში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ იმ ადამიანთა რაოდენობაა, რომლებსაც ბრალი აქვთ უკვე წაყენებული და არ ასახავს სრულ მონაცემებს.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. სამხედროებმა ქვეყნის ლიდერი, აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკური ლიდერები დააპატიმრეს. გასულ შაბათ კვირას აქციის მონაწილეები, სწორედ სან სუ ჩის გათავისუფლებას ითხოვდნენ.


სამხედრო რეჟიმი მიანმარს 1962-დან 2011 წლამდე მართავდა, თუმცა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ხუნტამ ძალაუფლება დათმო და მიანმარმა დემოკრატიული რეფორმების გატარება დაიწყო. თუმცა, როცა გასული წლის არჩევნებზე აუნ სან სუ ჩის პარტიამ კვლავ უმრავლესობა მოიპოვა, სამხედროებმა არჩევნების შედეგები არ აღიარეს და გადატრიალება მოაწყვეს.

მიანმარში განვითარებული პროცესების გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანას სანქციები დაუწესა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG