ათობით ათასი ადამიანი, მიანმარის ქალაქების ქუჩებში, გასულ კვირას, ქვეყნაში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებს. დემონსტრანტები, ქვეყნის არჩეული ლიდერის, აუნ სან სუ ჩის გათავისუფლებას ითხოვენ.
საპროტესტო აქცია ქვეყნის უდიდეს ქალაქ იანგონის სხვადასხვა ნაწილში დაიწყო და მოგვიანებით ქალაქის ცენტრში გაგრძელდა. ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ქვეყნის სიდით მეორე ქალაქში, მანდალაიში.
„სამხედრო გადატრიალება ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრიონციპებს და არღვევს ჩვენს უფლებებს, ადამიანის უფლებებს. ის ასევე შეურაცხყოფს ხალხის ნებას, სწორედ ამიტომ ვართ გადატრიალების წინააღმდეგნი. მნიშვნელოვანია პატივი ვცეთ არჩევნების შედეგებს“ - აცხადებს „ამერიკის ხმის“ ბირმული სამსახურის ჟურნალისტთან საუბრისას, საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი, აუნგ სან ჰმეინი.
კვირას გამართული მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების წინ, ქვეყანას ინტერნეტის მიწოდება დროებით შეუწყდა.
მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვლას მოხდა. შეიარაღებულმა ძალებმა დააკავეს ქვეყნის დე ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და მმართველი პარტიის - ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის - სხვა წარმომადგენლები.
ქვეყნის, რომელსაც 1989 წლამდე ბირმა ერქვა, სამხედროებმა მიანმარის ლიდერებს ბრალად წაუყენეს ნოემბრის არჩევნებზე, მათი თქმით, დაფიქსირებულ გაყალბებებზე რეაგირების არქონა. სამხედრო ლიდერები აცხადებენ, რომ საგანგებო ვითარება ერთი წელი გაგრძელდება.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გადატრიალებიდან მალევე განაცხადა, რომ ამერიკა გადატრიალებას ეწინააღდეგება.
"ამერიკა მიანმარელი ხალხის გვერდში დგას და მხარს უჭერს მათ სწრაფვას დემოკრატიის, თავისუფლების, მშვიდობის და განვითარებისადმი", - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენმა სამხედროებს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეცვალონ მიღებული გადაწყვეტილებები და ქმედებები.
მომხდარს ასევე მალევე გამოეხმაურა თეთრი სახლი.
"შეერთებული შტატები არ მიიღებს ახლახან ჩატარებული არჩევნების შედეგების ნებისმიერი სახით შეცვლას", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ თუ ვითარება არ შეიცვლება, ამერიკა მიიღებს ზომებს სამხედროების წინააღმდეგ, ვინც გადატრიალებაში მონაწილეობდა.
Facebook Forum