"ნატო არ დაფრთხება რუსეთის მუქარით, არამედ გააგრძელებს კიევის მტკიცე მხარდაჭერას", - განაცხადა 14 ოქტომბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ. ის გერმანიის ქალაქ ვისბადენში ალიანსის უკრაინის დახმარების მისიას ესტუმრა, რომელმაც თანდათან უნდა გადაიბაროს დასავლეთის სამხედრო დახმარების კოორდინაცია.
„გზავნილი [რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის] ის გახლავთ, რომ ჩვენ საქმეს გავაგრძელებთ და გავაკეთებთ ყველაფერ იმას, რაც საჭიროა იმაში დასარწმუნებლად, რომ მან მიზანს ვერ მიაღწიოს და რომ უკრაინამ გაიმარჯვოს", - განაცხადა რუტემ ინტერვიუში, რომელიც ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერსა" და გერმანიის საზოგადოებრივ რადიოს ერთად მისცა.
ასევე ნახეთ: ნატომ ბირთვული სწავლება დაიწყო - კრემლი ალიანსს აკრიტიკებსინტერვიუ ჟურნალისტებმა შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე ჩაწერეს. სწორედ აქ დაიდო ბინა უკრაინის დახმარების ახალმა მისიამ, სახელად "ნატოს უკრაინის უსაფრთხოების დახმარება და საწვრთნელი ბაზა" (NSATU). ეს ბაზა და მისი ხელმძღვანელობა გაუწევს კოორდინაციას დასავლურ სამხედრო დახმარებას, რომელიც კიევს მიეწოდება.
მოელიან, რომ NSATU-ს განკარგულებაში იქნება დაახლოებით 700 სამხედრო პირი. მათ შორის იქნებიან სამხედროებიც, რომლებიც განლაგებულნი არიან ბელგიაში, ალიანსის შტაბ-ბინაში, ასევე პოლონეთისა და რუმინეთის ლოგისტიკურ ცენტრებში.
ეს ნაბიჯი ევროპაში განიხილება, როგორც უკრაინის დახმარების სტაბილური მექანიზმი, თეთრ სახლში ნატოსა და უკრაინის დახმარების კრიტიკოსის, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის დაბრუნების შემთხვევაში. რესპუბლიკელი კანდიდატი ტრამპი 5 ნოემბერს შეერთებული შტატების საპრეზდენტო არჩევნებში დემოკრატ ვიცე პრეზიდენტ კამალა ჰარისს უპირისპირდება. თუმცა, ევროპელი დიპლომატები იმასაც აღიარებენ, რომ ნატოსთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციის გადაცემას ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, შეიძლება შეზღუდული ეფექტი ჰქონდეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკა ნატოშიც და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებითაც წამყვანი სახელმწიფოა.
Your browser doesn’t support HTML5