NATO-საქართველო: რას ელოდებიან თბილისში?

დღეს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ორდღიანი ვიზიტი დაიწყო. „აირზენას“ ლაინერმა ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისში, ნახევარ საათიანი დაგვიანებით, 15 საათსა და 32 წუთზე ჩამოიყვანა.

აეროპორტში NATO-ს პირველი პირს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, საგარეო მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე და თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დახვდნენ.

ნატოში საქართველოს ელჩმა გეგა მგალობლიშვილმა ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება უწოდა. ეს განცხადება ელჩმა თბილისის აეროპორტში გააკეთა

„ეს არ არის მხოლოდ ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი, ეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტია. გენერალური მდივანი ჩამოდის ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად, რასაც თავისთავად აქვს სიმბოლური დატვირთვა.

ეს არის საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის ცალსახა გამოხატულება. ველით ძალიან მნიშვნელოვანი თემების განხილვას, როგორც გენერალურ მდივანთან, ისე საბჭოსთან. განხილული იქნება ყველა ის საფრთხე და გამოწვევა, რის წინაშეც დგას დღეს საქართველო. მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.

ალიანსს და გენერალურ მდივანს აინტერესებთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რეფორმები, გამომდინარე იქიდან, რომ ნატო საქართველოს უყურებს, როგორც მის მომავალ წევრს.“

საქართველოში უკვე მეორედ, NATO-ს უმაღლესი ორგანოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესია იმართება. პირველად ეს სხდომა თბილისში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩატარდა.

თავად რასმუსენი გენერალური მდივნის რანგში საქართველოში უკვე მეორედ იმყოფება. რასმუსენს თბილისში ჩდილოეთ ატლანტიკური ალიანსის ქვეყნების 28 ელჩი ჩამოჰყვა.

პირველი ოფიციალური შეხვედრა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა, სადაც ნატო-საქართველოს საბჭოს სხდომა შედგა. ქართულ მხარეს ამ შეხვედრაზე პრემიერი ნიკა გილაური წარმოადგენდა.

მთავარ შეკითხვას, რას უნდა ელოდოს საქართველოს ნატოს ჩიკაგოს სამიტისგან, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ასე უპასუხა

„მინდა გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება იმ უდიდესი წვლილის გამო, რასაც საქართველო აკეთებს ჩვენს ოპერაციებში ავღანეთში. საქართველო ამ დროისთვის შედის უდიდეს კონტრიბუტორ ქვეყნებს შორის და ეს მისი განაცხადია, ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით.

ჯერჯერობით, ადრეა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ჩიკაგოს სამიტზე. ჩვენ ახლახანს დავიწყეთ ამ სამიტისადმი მზადება და ჩვენი საქართველოში ვიზიტი შედის ამ სამზადისში.

აპრილში, ჩვენ გვქონდა ნატო-საქართველოს საბჭოს სხდომა საგარეო მინისტრების დონეზე. ყველა ეს უმაღლესი რანგის შეხვედრა არის მოსამზადებელი ეტაპი აღნიშნული სამიტისთვის. მე არ შემიძლია ვისაუბრო ჩიკაგოში რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, თუმცა სავარაუდოდ იქნება წინ გადადგმული ნაბიჯები. ნ

ატომ ბუქარესტის სამიტზე მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ ამისთვის აუცილებელია კრიტერიუმების დაკმაყოფილება. შეიარაღებულ ძალებს უნდა ჰქონდეს ერთობლივი მოქმედების საშუალება და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაშტაბური კონტრიბუცია ჩვენს ოპერაციებში.

ამას გარდა, წევრობის მსურველი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს დემოკრატიის მოთხოვნებს, სამართლებრივი და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ამ კუთხითაც საქართველოს აქვს შესამჩვნევი პროგრესი, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას რომ ეს პროცესი არ შეჩერდეს.“

ნატოს გენერალური მდივანი ხვალ საქართველოს პარლამენტს ეწვევა. პარლამენტის თავჯდომარესთან აუდიენციის შემდეგ, რასმუსენი შეხვედრებს გამართავს, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ისე, უმცირესობის წევრებთან. პოლიტიკური სიტუაციის გასაცნობად რასმუსენს დაგეგმილი აქვს შეხვედრები პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი რასმუსენი ალიანსის გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრებს. შემდეგ, ნატოს პირველი პირს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, თავდაცვის მინისტრი და გაერთიანებული შტაბის წევრები უმასპინძლებენ.

რასმუსენი ავღანეთის სამშვიდო ოპერაცია გამოვლილ ქართველ სამხედროებს შეხვდება. დღის მეორე ნახევარში კი, ვიზიტი უკვე ბათუმში გაგრძელდება, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერს საქართველოს პრეზიდენტი ელის. რა იქნება ნატოს ახალი მთავარი მესიჯი საქართველოსთვის? გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე ამბობს

„ნატოს ბუქარესტის სამიტამდე იყო აბსოლუტურად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, გაზრდილი მოლოდინები და მოხდა ამ მოლოდინების ჰიპერბოლიზაცია. რამაც სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში.

იმედგაცრუება და გულის გატეხვა. დღეისათვის ამ ზედმეტი რეკლამის გარეშე მიმდინარეობს ეს თანამშრომლობა და ინტენსიურად ვითარდება. ამას ნამდვილად არ ჭირდება ეს ზედმეტი რეკლამა.

არის ძალიან კონკრეტული სამუშაო პროცესი და ჩვენ წარამარა კი არ უნდა ვიყვიროთ როგორი წარმატებულები ვართ ამ კუთხით, არამედ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რაც აუცილებლად გასაკეთებელია, ის დროულად გაკეთდეს.“

ვიზიტის პირველ დღის ბოლოს ნატოს გენერალური მდივანი და ელჩები, რუსთაველის თეატრში, რეჟისორ დავით დოიაშვილის მიუზიკლ „ქეთო და კოტეს“ წარმოდგენას დაესწრნენ. უცხოელი სტუმრების ამ მიუზიკლზე მიწვევა ერთგვარ ტრადიციად იქცა. სექტემბერში, „ქეთო და კოტე“ პრეზიდენტ სააკაშვილის კომპანიაში, მონაკოს პრინცმა ალბერ მეორემაც ნახა.