ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამბასადორიალი-2011: თბილისი ორი უმაღლესი დონის ვიზიტის მოლოდინში


თბილისს ჯერ ნიკოლა სარკოში, შემდეგ ანდერს ფოგ რასმუსენი ეწვევიან
თბილისს ჯერ ნიკოლა სარკოში, შემდეგ ანდერს ფოგ რასმუსენი ეწვევიან

დღეს თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული სამდღიანი ამბასადორიალი-2011 დასრულდა. საგარეო მინისტრმა, ქართველ ელჩებთან და კონსულებთან ერთად საქართველოს საგარეო პოლიტიკის მომავალი პრიორიტეტები განსაზღვრა.

მთავარი გამოწვევა, კვლავაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული მიწების დეოკუპაციისა და სეპარატისტული ანკლავების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაა. საგარეო უწყება ასევე აპირებს გააგრძელოს ძალისხმევა ევროინტეგრაციის დაჩქარებასა და კერძო უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელთა მოცულობა გასულ წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა.

ამბასადორიალზე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში, თბილისში ქართულ-ფრანგული უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართება. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ჩამოვა. ვიზიტის მომზადება უკვე მიმდინარეობს, ამ მიზნით თბილისს საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი ტიერი მარიანი სტუმრობს. საფრანგეთში საქართველოს ელჩი მამუკა კუდავა ამბობს:

„პრეზიდენტი სარკოზი ჩამობრძანდება საქართველოში, ისევე როგორც კავკასიის სხვა ქვეყნებში. წინასწარ, თუ რა თემები იქნება განხილული ამაზე ძნელია ეხლა საუბარი, თუმცა ჩვენ რასაც ველით, ეს არის ყურადღების გამახვილება სარკოზი-მედვედევ-სააკაშვილის 2008 წლის შეთანხმების შეუსრულებლობაზე და მეორე, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება.

საფრანგეთი წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად გვიჭერს მხარს ინტეგრაციის საკითხებში. ეს ვიზიტი ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იქნება, იმისათვის, რომ გავამახვილოთ ყურადღება ევროკავშირთან ჩვენს დაახლოებაზე და აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში გვქონდეს მეტი მხარდაჭერა. თან, აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ სექტემბრის ბოლოს სამიტიც იმართება და მასზე, ჩვენი ინფორმაციით, საფრანგეთიც მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი.“

ამბასადორიალის მიმდინარეობას დაემთხვა, ევროკავშირის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ბრიუსელმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი, კიდევ ერთი წლით, 2012 წლის 14 სექტემბრამდე გაუგრძელა.

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოში მყოფი მისიის 306 შეუიარაღებელი თანამშრომელი, ჯერჯერობით, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის ერთადერთი ელემენტია.

კვლავაც ბუნდოვანია საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მისიის აღდგენის პერსპექტივები. ამის შესახებ, თბილისის ამბასადორიალზე სტუმრად მყოფმა ლიტვის საგარეო მინისტრმა აუდროლიუს აჟუბანისმა განაცხადა, რომელიც ამავე დროს ეუთოს მოქმედი თავჯდომარეა. ეუთოს მისიის აღდგენას რუსეთი უკვე მესამე წელია ვეტოს საშუალებით ბლოკავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძეს იმედი აქვს, რომ ამ და სხვა პრობლემურ უსაფრთხოების საკითხებს საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის ვიზიტის დროს ჯეროვანი ყურადღება დაეთმობა:

„საფრანგეთი სამი წლის წინ იყო მედიატორი ჩვენი კონფლიქტის დროს რუსეთთან. ამავე დროს ჩვენ ვცდილობთ, რომ საფრანგეთი აქტიურად ჩავრთოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ამ ვიზიტისგან ძალიან პოზიტიურ მესიჯებს ველით, როგორც ჩვენი კონფლიქტის მიმართულებით, ასევე საქართველოს ევროპის გზასთან დაკავშირებით.

ტრადიციულად, ძალიან აქტიურად გვიჭერენ მხარს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები ევროინტეგრაციის პროცესში და დიდი დასავლეთ ევროპული ქვეყნების ჩართვა ამ პროცესში არის უაღრესად მნიშვნელოვანი.“

ქართული საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებული რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები რჩება. რაში შეიძლება გაიცვალოს თბილისის თანხმობა, მოსკოვის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით?

ეს თემა ამბასადორიალის დღეებშიც აქტუალური იყო, მით უმეტეს, რომ ამბასადორიალს დაემთხვა 12-13 სექტემბერს ჟენევაში გამართული ქართულ-რუსულ-შვეიცარიული დახურული მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. რუსული მხარისგან განსხვავებით, რომელმაც უარი თქვა კომენტარზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა რომ შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა:

„ეს არის ძალიან მძიმე მოლაპარაკებები, ძალიან მძიმე. ორივე მხარემ იცის ერთმანეთის პოზიცია. ქართული მხარე მუდმივად მიდის კომპრომისზე.

რუსული მხარე ძალიან ჯიუტად, როგორც ბოროდინოს ველზე, დგას თავის დაჩემებულ პოზიციებზე. სხვა დეტალებზე ვერაფერს ვიტყვი, ქართული მხარე ჯერჯერობით ამ შეთანხმებას იცავს.“

თბილისში დღეს დასრულებულ ამბასადორიალზე ასევე ცნობილი გახდა, რომ 9 ნოემბერს საქართველოში, ჩრდილოეთ-ატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც თბილისს ნატოს გენერალური მდივარი ანდერს ფოგ რასმუსენი ეწვევა. აქამდე, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა საქართველოს დედაქალაქში, ერთადერთხელ, 2008 წლის სექტემბერში აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ გაიმართა.

XS
SM
MD
LG