ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული ოპოზიცია ჰილარი კლინტონისგან მეტს ელოდა


ჰილარი კლინტონი თბილისში
ჰილარი კლინტონი თბილისში

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მათ მხოლოდ 15 წუთი დაუთმო

სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში ამერიკის საელჩოს წინასწარ შედგენილი დღის წესრიგის მიხედვით, კლინტონი მხოლოდ ირაკლი ალასანიას და გიორგი თარგამაძეს შეხვდა. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებით ძალიან გაოცებულია.

მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად არ იყო კარგი რჩევა, ვინც მისცა ეს რჩევა ქალბატონ კლინტონს. სახელმწიფო მდივანი ნამდვილად უნდა ყოფილიყო საქმის კურსში, იმ რეალურ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს ქვეყანაში. რეალურად არჩევანით, რომელიც გაკეთდა, საქართველოს მოსახლეობის ორი მესამედის ხმა და პრობლემები სახელმწიფო მდივნამდე არ მისულა.

მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად არ წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და ასეთი დამოკიდებულება გააღრმავებს სკეპტიციზმს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ. თუ პოლიტიკურ თემებზე აინტერესებდათ ოპოზიციის აზრი, მაშინ უნდა ყოფილიყო შეხვედრა რეალურ ოპოზიციასთან.

ძალიან უცნაური იყო, სხვათა შორის, არაერთგზის ხსენება ვარდების რევოლუციისა და არ დაინტერესება, ერთი, ცოცხალად დარჩენილი, რევოლუციის ლიდერის აზრის, თუ რატომ არ არის, დღეს რევოლუციის ერთ-ერთი თანაავტორი ხელისუფლებაში და რატომ აკრიტიკებს ხელისუფლებას.“

სასტუმრო მერიოტში ჰილარი კლინტონის შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან სულ თხუთმეტ წუთს გაგრძელდა.შეხვედრას ალასანიასა და თარგამაძის თითო თანაპარტიელიც ესწრებოდა. პარტია ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ მან სახელმწიფო მდივანს მთელი ოპოზიციის სათქმელი უთხრა.

„სააკაშვილი პუტინიზაციას ვერ გაუკეთებს ჩვენს ქვეყანას, ამაზე გვქონდა საუბარი ჰილარი კლინტონთან, პირდაპირ გეტყვით, თვითონ დაინტერესდა ძალიან საკონსტიტუციო ცვლილებებით და ურთიერთგაგება არის სრული. საქართველო არ არის რუსეთი, სააკაშვილი არ არის პუტინი და საქართველოში ვერ მოახერხებს სააკაშვილი პუტინიზაციის განხორციელებას.“

ვიზიტის დასაწყისში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ას ორმოც ქართველ ლიდერ ქალთან შეხვედრის ფარგლებში, ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის პატივი რამდენიმე ოპოზიციონერ ქალბატონსაც ერგო.

ამ შეხვედრაზე, პროტესტის ნიშნად არ მივიდა ნინო ბურჯანაძე. საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ მან ამ ფორმატშიც მოახერხა კლინტონისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება.

„ვუთხარი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს როცა შეხვდებოდა ეკითხა მისთვის, რატომ ჰყავს მას 61-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი; რატომ არ არის ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების პირობები; რატომ არ არის სასამართლო და მედია დამოუკიდებელი;

ვთხოვე, ეკითხა მისთვის, სად არის იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც სააკაშვილმა იკისრა, ამერიკა-საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერის დროს;

ასევე ვუთხარი, რომ მაქვს 61 კაციანი პოლიტიკური პატიმრების სია, რომელთა უფლებების დაცვას ვცდილობ და ეს სია გადავეცი მას და ვთხოვე ამ საკითხებზე ღიად ესაუბრა და არ დაეხუჭა თვალი.“

ჰილარი კლინტონთან ხუთწუთიანი საუბრის შემდეგ უკმაყოფილების საბაბს ვერც რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ხედავს. ამერიკის სახელმწიფო მდივანს ხიდაშელმა თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციის შეცდომები გაახსენა.

„მე შევახსენე ჰილარი კლინტონს 2005 წელი, როდესაც პრეზიდენტი ბუში იყო საქართველოში და მაშინ, სრულიად დაუმსახურებელი კრედიტი გაიცა, როდესაც ჩვენ დემოკრატიის შუქურა გვიწოდეს.

გამოვთქვი იმედი, რომ ამ შეცდომას აღარ გაიმეორებს ამერიკის ხელისფლება საქართველოსთან მიმართებაში და იქნება ფხიზლად იმისათვის, რომ საქართველოს ხელისფლებას აღარასოდეს გაუჩნდეს განცდა, რომ მას ყველაფერი ეპატიება და შემდეგ, ჯერ 7 ნოემბერი, 7 აგვისტო მოახდინოს, მოიპაროს არჩევნები, რაც ნაწილობრივ იმის ბრალიც არის, რომ მათ(საქართველოს ხელისუფლებას) ჰქონდათ, უპირობა მხარდაჭერა, სრულიად არაფერზე დაფუძნებული.“

ერთი წლის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თბილისში, ოპოზიციასთან შეხვედრისას, ალასანიასა და თარგამაძესთან ერთად, ლევან გაჩეჩილაძესა და ნინო ბურჯანაძესაც შეხვდა. კლინტონთან შეხვედრაზე ქართული ოპოზიციური სპექტრის სიხალვათეს, ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი კახა კაციტაძე ასე ხნის

„ამერიკელების მხრიდან, ცალკე რომელი ქართველ ლიდერთან გამოყოფილი შეხვედრა, ახლა იქნება თუ მომავალში, აღქმული იქნება, როგორც განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარება, განსაკუთრებული პრიორიტეტის მინიჭება ამ ლიდერისთვის. როგორც ჩანს, მოცემულ მომენტში, ამერიკელების მიერ ასეთი ქმედება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.“

აღმოსავლეთ ევროპული ტურნეს ფარგლებში, ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს ჰილარი კლინტონი მხოლოდ ორ ქვეყანაში - უკრაინასა და საქართველოში შეხვდა. უკრაინის ოპოზიციის ლიდერს იულია ტიმოშენკოს ჰილარი კლინტონმა ნახევარი საათი დაუთმო, ქართველ ოპოზიციონერებს თხუთმეტი წუთი, სომეხ და აზერბაიჯანელ ოპოზიციონერებს კი პირისპირ საერთოდ არ შეხვდა.

XS
SM
MD
LG