ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

NATO-ს სამიტზე რუსეთი სიურპრიზებს არ ელის


საქართველოს პრეზიდენტი პირადად დაესწრება ნატოს სამიტს, რომელიც 19-20 ნოემბერს პოტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება.

სააკაშვილი ავღანეთის ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჩართული ქვეყნების მეთაურთა სხდომაზეა მიწვეული. იგი, ასევე, პირისპირ შეხვდება დიდი ბრიტანეთის პრემიერს, თურქეთის, ჩეხეთისა და ავსტრალიის მეთაურებს.

ლისაბონის სამიტზე ჩადის რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც. 2008 წლის რუსულ-ქართული ომის შემდეგ, ეს ვიზიტი ნატო-რუსეთს შორის „ცივი ომის“ დასრულების ნიშანი უნდა გახდეს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მედვედევის ვიზიტის გამო, სამიტზე არ იქნება ისეთი გადაწყვეტილებები მიღებული, რომელმაც შეიძლება მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვიოს. ამის მიუხედავად, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე აკაკი მინაშვილი, სამიტს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს

„მნიშვნელოვანი იქნება, რომ სამიტზე საქართველო დაფიქსირებული იქნება, როგორც პარტნიორი სახელმწიფო. ქვეყანა, რომელიც გახდება, ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის წევრი. ეს არის ძალიან სერიოზული პირობა და ჩვენ ამ მიმართულებით, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ.

ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, ის რომ ლისაბონში ჩავა საქართველოს პრეზიდენტი და იქნება შეხვედრები. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ ძალიან ინტენსიურ ურთიერთობაში ვართ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და ეს ურთიერთობა ხელშესაღებ შედეგებს გვაძლევს სხვა და სხვა რეფორმების მიმართულებით, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.“

საქართველო და უკრაინის გაწევრიანება ნატოში მთავარი თემა იყო, ოთხი წლის უკან, ნატოს ბუქარესტის სამიტზე. თუმცა, რუსეთის ზეწოლისა და ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის შიგნით, სერიოზული აზრთა სხვადასხვაობის გამო, თბილისმა და კიევმა ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა ვერ მიიღეს.

რუსულ-ქართულმა ომმა და უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებამ, რომელიც ბუქარესტის სამიტის შემდეგ მოხდა, ეს ორი ქვეყანა ალიანსს კიდევ უფრო დააშორა.

ლისაბონის სამიტზე საერთოდ არ ჩადის უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ღიად განაცხადა, რომ უკრაინას აღარ სურს ნატოში გაწევრიანება.

რუსეთი სიტუაციის ასეთი განვითარებით უაღრესად კმაყოფილია. გუშინ ტელეკომპანია „ევრონიუსის“ რუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში, ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა კერძოდ თქვა

„რუსეთის ფედერაცია კატეგორიულად ეწინააღდეგება აღმოსავლეთით ნატოს შემდგომ გაფართოებას. მაგრამ, სიტუაციის პარადოქსი ისაა, რომ მხოლოდ რუსეთს არ უნდა, რომ უკრაინა და საქართველოს შევიდნენ ნატოში.

უკრაინას თავად აღარ სურს ნატოში გაწევრიანება. რაც შეეხება საქართველოს, ნატომ ორწლინახევრის წინ უკვე მოახდინა საქართველოს პროვოცირება, სრულიად არანორმალური მოქმედებები განეხორციელებინა მისივე ორი ავტონომიის წინააღდეგ, დაეწყო სამხრეთ ოსეთის წინააღდეგ აგრესია და რაც ყველაზე საშინელებაა - დაეხოცა რუსეთის მშვიდობისმყოფელები.

ამ ამბებმა ვფიქრობ, დიდი ხნით დახურა საქართველოს პერსპექტივა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, რიტუალურად, ნატო დღესაც იტყვის რომ ღია კარის პოლიტიკა ისევ აქტუალურია, რომ იქ ისევ ელიან უკრაინასა და საქართველოს, მაგრამ დასავლეთში სერიოზულ ხალხს მშვენივრად ესმით, რომ საქართველო და უკრაინა იმაზე შორს არიან ნატოსგან, ვიდრე სამი წლის წინ იყვნენ.“

აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველო ჩრდილოეთ-ატლანტიკურ ალიანსთან კვლავაც ინტენსიურ დიალოგშია ჩაბმული. ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირების - ჯეიმს კიგლის, რობერტ სიმონსის, ფრენკ ბოლანდის, ადმირალ ჯანპაოლო დი პაოლას ვიზიტები, ოქტომბერში, ალიანსის გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის პირველი ოფიციალური ვიზიტით დაგვირგვინდა.

2010 წელს პირველად, საქართველოში არ გამართული ნატოს სამხედრო წვრთნები, თუმცა ნატოს დროშის ქვეშ ავღანეთში ხუთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტიძე ამბობს, რომ ალიანსის შიგნით, საქართველოს საკითხის მიმართ დამოკიდებულება კვლავაც არაერთგვაროვანია.

„თეორიულად, შესაძლებელია, საქართველო ნატოში გაწევრდიანდეს, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, ე.წ მაპ-ის გარეშეც. თუმცა, ამ შემთხვევაში, მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, უნდა არსებობდეს კონსესუსი ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უშუალოდ იქნეს მოწვეული ნატოში მაპ-ის გარეშე.

თუმცა, მეორე მხრივ ვიყოთ რეალისტები, აუცილებელია მოთმინება, აუცილებელია იმ რეფორმების გაგრძელება, რათა ნაკლები საფუძველი და საბაბი მივცეთ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს, იგივე ბებერი ევროპის სახელმწიფოებს - გერმანიას, საფრანგეთს, იგივე ლუქსემბურგს, იგივე იტალიას, რათა მათ რაღაც პრეტენზიები წაუყენონ საქართველოს.“

1992 წლიდან, როცა საქართველო ნატოს თანამშრომლობის წევრი გახდა, ქვეყანამ ალიანსთან ურთიერთობის რამდენიმე ეტაპი გაიარა. მათ შორის, პროგრამა პატრნიორობა მშვიდობისათვის, ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა და ინტენსიური დიალოგი.

დღეს თბილისი, ნატო-საქართველოს კომისიის წლიური ეროვნული პროგრამის ფორმატშია ჩართული და ამ პროგრამას ნატოში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს. მთავრობის მტკიცე პოზიცია გამაგრებულია, 2008 წლის 5 იანვრის პლებისციტის შედეგებით, როცა საქართველოს მოსახლეობის 72,5 პროცენტმა ნატოში გაწევრიანებს მხარი დაუჭირა.



XS
SM
MD
LG