მიანმარში "როიტერის" ჟურნალისტების განაჩენი ძალაში რჩება

უზენაესმა სასამართლომ მიანმარში დაჭერილი, "როიტერის" ორი ჟურნალისტის განაჩენი, ძალაში დატოვა. სასამართლოს წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღების მიზეზები და დეტალები არ განუმარტავს.

გასული წლის სექტემბერში, საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ორ ჟურნალისტს მიანმარის სასამართლომ 7-7 წელი მიუსაჯა. ვა ლონი და კიუ სუ-ო მუსლიმი როჰინგას თემის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს აშუქებდნენ.

2017 წლის აგვისტოდან მოყოლებული, დევნის გამო მიანმარი 700 000-ზე მეტმა როჰინგას თემის წარმომადგენელმა დატოვა. მათი უმრავლესობა თავს ბანგლადეშს აფარებს.

ჟურნალისტებმა სამთავრობო ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი, რამდენიმე უნიკალური ფოტო მოიპოვეს. ვა ლონი და კიუ სუ-ო 10 როჰინგა მუსლიმის სასტიკი მკვლელობის ფაქტებზე მუშაობდნენ.

ჟურნალისტები 2017 წლის დეკემბერში დააკავეს. 2018 წლის სექტემბერში კი მათ სასამართლომ განაჩენი ოფიციალური დოკუმენტების უკანონო ფლობის ბრალდების საფუძველზე გამოუტანა. ვა ლონის და კიუ სუ-ოს ადვოკატები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ მათ სამხილი სპეციალურად ჩაუდო.

მოგვიანებით, "როიტერის" ჟურნალისტები დასავლეთში დაუსწრებლად დააჯილდოვეს. ვა ლონს და კიუ სუ-ოს საპატიო საერთაშორისო ჯილდო, პულიცერის პრემია სწორედ ხელისუფლების მხრიდან როჰინგა მუსლიმების წინააღმდეგ გამოყენებული სასტიკი მეთოდების მხილებისთვის გადაეცათ.

ჯოზეფ პულიცერის სახელობის ამერიკული ჯილდო უმაღლეს დამსახურებად ითვლება საერთაშორისო ჟურნალისტიკაში. ვა ლონმა და კიუ სუ-ომ პრემია ორ ჟურნალისტს გადაუნაწილეს, რომელთაც მათი დაჭერის შემდეგ, რეპორტაჟი დაასრულეს და გამოაქვეყნეს.