ზეიდ რაად ალ-ჰუსეინი, გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, როჰინგების საქმის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში განხილვას ითხოვს. საუბარია მიანმარში მცხოვრები მუსლიმიი უმცირესობების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებზე, რომელიც უმაღლესი კომისრის აზრით, სისხლის სამართლის დანაშაულის ელემენტებს შეიცავს.
განცხადება ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა დღეს, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, არსებობს დიდი ეჭვი, რომ მიანმარში (ყოფილი ბირმა) მომხდარს, შესაძლოა, გენოციდის კვალიფიკაციაც კი მიეცეს და რომ მიანმარის მთავრობის ქმედება, შეიძლება განიხილებოდეს, როგორც “ეთნიკური წმენდის ნიმუში, სახელმძღვანელო შემთხვევა”.
გასულ წელს, როჰინგას თემის წინააღმდეგ მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა იერიშები წამოიწყეს. 25 აგვისტოდან მოყოლებული, ქვეყანა 700 ათასამდე როჰინგამ დატოვა. გაერო აცხადებს, რომ სამთავრობო ძალების ოპერაცია კარგად დაგეგმილი, კოორდინირებული და თან, სისტემატური ხასიათის იყო.
Facebook Forum