ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ცნობით, მიანმარში ვითარება უკიდურესად მძიმეა. ბოლო სიახლეების მიხედვით, მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს, დაღუპულია სულ ცოტა 35 ადამიანი.
თვითმხილველების მიერ საერთაშორისო მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აქიის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს რამდენიმე ქალაქში.
ასევე ნახეთ: სამხედრო გადატრიალება და საგანგებო ვითარება მიანმარში
"ეს არის საშინელება, ეს არის ხოცვა ადამიანების. ვერანაირი სიტყვა ვერ აღწერს ვითარებას და გრძნობებს, რაც ჩვენ გვაქვს,"- ამბობს ერთ-ერთი აქციის მონაწილე თინზარ შუნლეი "როიტერთან" საუბრის დროს.
საერთაშორისო მედიის მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, მომხდარზე მმართველი სამხედრო საბჭო კომენტარს არ აკეთებს.
ყველაზე რთული ვითარება ქალაქ მონივაში იყო. სადაც სროლის დროს ხუთი ადამიანი, ერთი ქალი და ოთხი კაცი დაიღუპა. ინფორმაციას "როიტერს" ტიტ სარა უდასტურებს, რომელიც გაზეთ "მონივარის" რედაქტორია.
"ჩვენ ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ 5 ადამიანი არის მოკლული. 30 ადამიანია დაჭრილი, მათი დიდი ნაწილი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია,"- ამბობს გაზეთის რედაქტორი.
ასევე ნახეთ: მიანმარში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ
მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. სამხედროებმა ქვეყნის ლიდერი, აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკური ლიდერები დააპატიმრეს. გასულ შაბათ კვირას აქციის მონაწილეები, სწორედ სან სუ ჩის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მკაცრად გმობს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. სამხედრო მმართველობამ გაათავისუფლა გაეროში მიანმარის ელჩი, რადგან მან მოუწოდა დიპლომატებს ყველაფერი გააკეთონ ხუნტის შესაჩერებლად.
ასევე ნახეთ: ფაშინიანი მზად არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს
სამხედრო რეჟიმი მიანმარს 1962-დან 2011 წლამდე მართავდა, თუმცა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ხუნტამ ძალაუფლება დათმო და მიანმარმა დემოკრატიული რეფორმების გატარება დაიწყო. თუმცა, როცა გასული წლის არჩევნებზე აუნ სან სუ ჩის პარტიამ კვლავ უმრავლესობა მოიპოვა, სამხედროებმა არჩევნების შედეგები არ აღიარეს და გადატრიალება მოაწყვეს.
მიანმარში განვითარებული პროცესების გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყანას სანქციები დაუწესა.