რუსეთის ჩუვაშეთის რეგიონიდან, უკრაინაში საომრად მობილიზებული 100-ზე მეტი მამაკაცი აჯანყდა და დაპირებული ხელფასები მოითხოვა.
უფლებადამცველმა ცენტრმა Gulagu.ru და ჯგუფმა „სერდიტაია ჩუვაშია" (გაბრაზებული ჩუვაშეთი), ვიდეო განცხადება გაავრცელეს, რომელიც 2 ნოემბერს ქალაქ ულიანოვსკის სამხედრო სასწავლო ცენტრში ჯარისკაცების მიერაა ჩაწერილი. ვიდეოში ისინი ამბობენ, რომ "იბრძოლებენ სამართლიანობისთვის", სანამ დაგვიანებულ ხელფასებს არ გადაუხდიან.
"ჩვენი სახელმწიფო უარს ამბობს 195 000 რუბლის (თვეში 3 150 აშშ დოლარის) გადახდაზე, რასაც ჩვენი პრეზიდენტი ვლადიმირ ვლადიმეროვიჩ პუტინი დაგვპირდა! რატომ უნდა წავიდეთ და ვიბრძოლოთ სახელმწიფოსთვის და ჩვენი ოჯახი ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე დავტოვოთ?" - ამბობს ერთ-ერთი მამაკაცი ვიდეოში.
სასწავლო ცენტრის მეთაურმა აჯანყებულებს უპასუხა, რომ მათ ფულს არ დაჰპირებიან და დასძინა, რომ კანონი ამ საკითხზე ახლახან იქნა განსახილველად შემოთავაზებული.
ასევე ნახეთ: რუსეთის საჰაერო ტერორი: რა მიზანი აქვს კრემლს?ჯგუფმა „სერდიტაია ჩუვაშია" და ზოგიერთმა პროტესტის მონაწილემ მოგვიანებით ინტერნეტში ისიც თქვეს, რომ პროტესტს არეულობა მოჰყვა, თუმცა სპეცრაზმმა და ეროვნულმა გვარდიამ ის „დაამშვიდა“.
კრემლის ვებგვერდზე მოგვიანებით, 3 ნოემბერს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას მობილიზებული და კონტრაქტის მქონე ჯარისკაცებისთვის ერთჯერადი ანაზღაურების დაწესების შესახებ. განკარგულება მათ ხელფასს 195 000 რუბლით განსაზღვრავს.
მას შემდეგ, რაც პუტინმა სექტემბრის ბოლოს უკრაინაში ომისთვის ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მობილიზებულთა ათობით ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. ჯარისკაცები ჩივიან საკვების, ტანსაცმლის, აღჭურვილობისა და საცხოვრებლის ნაკლებობას.
სამხედრო მობილიზაციის დაწყებიდან ასობით ათასმა რუსეთის მოქალაქემ ქვეყანა დატოვა. ისინი ძირითადად ყაზახეთში, საქართველოში, მონღოლეთსა და თურქეთში გადავიდნენ.