თქვენი შეკვეთა მიტანილია... მთვარეზე - ნასა

50-წლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკული კოსმოსური აპარატი „ოდისევსი“ მთვარეზე დაეშვა. დედამიწის თანამგზავრზე დაშვების პროცესი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას თვალს, მსოფლიოს გარშემო, მილიონობით ადამიანი ადევნებდა.

მოგვიანებით ნასამ, შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ, სოციალურ ქსელ „ექსში“ ვიდეო გაავრცელა წარწერით „თქვენი შეკვეთა მიტანილია... მთვარეზე“.

ნასასთვის მთვარეზე ეს პირველი მისია არ არის, თუმცა 50 წლის განმავლობაში ეს პროცესი შეწყვეტილი იყო. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი ამერიკამ მთვარეზე „აიემ-1-ის“ მოდელის კოსმოსური აპარატი გაგზავნა, რომელიც კომპანია „ინტიუიტივ მაშინს“ ეკუთვნის.

„ნახევარი საუკუნის შემდეგ ამერიკა მთვარეზე დაბრუნდა",- ამბობს ნასას ხელმძღვანელი ბილ ნელსონი.

"ოდისევსის" დახმარებით, ახლა ნასას მთვარეზე არაერთი მოწინავე ტიპის ხელსაწყო აქვს, რომლებსაც გამოიყენებენ მთვარეზე უკეთესად დაკვირვებისთვის. ეს შეიძლება ითქვას ერთგვარი მოთელვითი მისიაა, ნასა გეგმავს, რომ 2026 წლისთვის მთვარეზე ეკიპაჟიანი მისია გააგზავნოს. შერჩეულია კოსმონავტებიც, რომლებიც მომზადებას უკვე გადიან.

მისიის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კერძო კომპანიამ „სპეის-ექსმა“, რომელმაც კოსმოსურ ხომალდ „ფალკონის“ დახმარებით, „ოდისევსი“ კოსმოსში გაიყვანა. დედამიწიდან მთვარემდე მის მოგზაურობას 8 დღე დასჭირდა.

„ოდიესევსის“ მთვარეზე წარმატებულ დაშვებამდე, ნასას ბოლო მისია მთვარეზე 1972 წელს განხორციელდა, როცა მთვარის ზედაპირზე კოსმოსური ხომალდი „აპოლონ-17“, ეკიპაჟის წევრებთან ერთად დაეშვა.