მიხეილ სააკაშვილი კიევის აქციაზე სიტყვით გამოვიდა

Mikheil Saakashvili in Kiev, December 7, 2013

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ისტორია იტყვის, რომ რუსეთის იმპერია, ევრომაიდანზე დამთავრდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევის ევრომაიდანზე ოპოზიციის მიტინგზე სიტყვით გამოვიდა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა. ცოტა ხნის წინ ის ევრომაიდანზე მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე მივიდა და დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციის მხარდასაჭერი სიტყვა უკრაინულ ენაზე წარმოთქვა.

მიხეილ სააკაშვილი: მე დღეს ევროპაში ვიმყოფები, არამხოლოდ უბრალოდ ევროპაში, არამედ ეს არის ევროპის გული, ევროპის მფეთქავი, ცოცხალ, მომღერალი ევროპის გული. თქვენ ევროპული იდეალების ცენტრს წარმოადგენთ, და ევროპული პროექტის რეალიზაციას იმსახურებთ. დღეს აქ ევრომაიდანზე დგომით თქვენს მომავალს იცავთ, მთელი რეგიონის უფლებას იცავთ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. თქვენთან მე მხარდასაჭერად და სიყვარულის გამოსახატავად ჩამოვედი. საქართველო თქვენთან ერთად დგას და ბოლომდე ვიზიარებთ თქვენს ბრძოლას. ვერაფერი ვერ შეაჩერებს უკრაინელი და ქართველი ხალხის ბრძოლას და ნებას თავისუფლების მოპოვების გზაზე. ვერცერთი ტყვია, ვერცერთი ტანკი. მე აქ კიევში გარკვეული პერიოდში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი, უკრაინელ ხალხს კარგად ვიცნობ. დიახ, დღეს მე ვარ უკრაინელი, და ვარ ქართველი. მე ვარ უკრიანელი, ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი. უკრაინა იმსახურებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ წარმატებებს, ინტეგრაციას სხვა ევროპული დემოკრატიის განვითარების სახელმწიფოებთან ერთად ევროკავშირის სტრუქტურებში. ჩვენ არ ვართ ისეთი მდიდარი როგორიც "გაზპრომია", უფრო ნალები ტანკი გვყავს, ვიდრე პუტინს. ჩემო უკრაინელო დებო და ძმებო, დღეს თქვენ ისტორიას ქმნით, ვიცი რომ გცივათ, ვიცი იქნება პროვოკაციის მცდელობები, ვიცი რომ რისკზე მიდიხართ, თუმცა სავსე ხართ ამ ენთუზიაზმით რომ იბრძოლოთ ევროპული ღირებულებების და პრინციპების დასაცავად. მიზანი ყველაზე მნიშვნელოვანია. არჩევანი ნათელია - ევროკავშირი ნიშნავს ავტორიტარიზმზე და კორუფციაზე, კრიმინალზე უარს, ეს იყო მდგომარეობა, რაშიც იმყოფებოდნენ ჩვენი ქვეყნები წარსულში. იმედი მაქვს თქვენი და ჩვენი ბრძოლა რუსეთის იმპერიალიზმის დამარცხებას შეძლებს. თქვენი გამბედაობის და ძალის იმედი მაქვს. ვიცი დრო მოვა, როდესაც ისტორია იტყვის, რომ რუსეთის იმპერია, აქ ევრომაიდანზე დამთავრდა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამას შეძლებთ. დიდება და გამძლეობა უკრაინას, საქართველოს და ევროპას!

მიხეილ სააკაშვილს ევრომაიდანზე გამოსვლის დროს თან ახლდა ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ კლიჩკო. აქციაზე უკრაინულ და ევროკავშირის დროშებთან ერთად საქართველოს ხუთჯვრიანი დროშებიც ფრიალებდა.