ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამოქმედო გეგმა ევროპაში უვიზო მიმოსვლისთვის


ევროკომისარ მალმსტრომისა და პრემიერ ივანიშვილის შეხვედრა თბილისში
ევროკომისარ მალმსტრომისა და პრემიერ ივანიშვილის შეხვედრა თბილისში

2011-2012 წლებში საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე ხშირად ვიზაზე უარი: ნიდერლანდების, საბერძნეთის, ესტონეთის, ლიტვის და ჩეხეთის საკონსულოებმა უთხრეს

საშინაო საქმეთა ევროკომისარმა, შვედმა პოლიტიკოსმა სესილია მალმსტრომმა გუშინ თბილისში სავიზო დიალოგის ფარგლებში „საგზაო რუქა“ ჩამოიტანა, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის სივრცეში უვიზოდ მოგზაურობის შანსი მიეცემათ.

2001 წლის 15 მარტის, ევროპული საბჭოს რეგულაციით, საქართველო „შავ სიაში“ ანუ იმ ქვეყნების ნუსხაში შედის. რომელთა მოქალაქეებსაც ვიზის გარეშე ევროკავშირში შესვლა და გადაადგილება არ შეუძლიათ.

2011 წლის 1 მარტს საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯი „თეთრი სიისკენ“. მაშინ თბილისსა და ბრიუსელს შორის ვიზის გამარტივების და უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის ხელშეკრულებები ამოქმედდა.

საშინაო საქმეთა ევროკომისარის მიერ ჩამოტანილი სამოქმედო გეგმა ორი ფაზისგან შედგება. ევროკავშირი მოითხოვს რეფორმებს საგზაო დოკუმენტების უსაფრთხოების, საზღვრის მართვის, მიგრაციის, საზოგადოებრივი წესრიგის, ორგანიზებული დანაშაულის აღკვეთის, უმცირესობებისა და ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე. სესილია მალმსტრომმა კერძოდ აღნიშნა

„საქართველომ საკანონმდებლო დარგში, ისევე როგორც სხვა მიმართულებითაც შარშან დიდ წარმატებებს მიაღწია. ეს სამოქმედო გეგმა ასახავს იმ ნაბიჯებს, რომელიც საქართველოს მხრიდან უნდა გადაიდგას.

მოთხოვნები საკმაოდ ნათლად არის ჩამოყალიბებული. რა თქმა უნდა, ვიზების გამარტივებას სჭირდება მშვიდი და განვითარებული გარემო. ამ პროცესს დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.“

სავიზო შეზღუდვების ინდექსს ყოველწლიურად შვეიცარიული იურიდიული კომპანია Henley & Partners-ი აქვეყნებს. 2012 წელს, საქართველოს სიაში 72-ე ადგილი ერგო. ინდექსის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლა მსოფლიოს მხოლოდ 60 ქვეყანაში შეუძლიათ. შედარებისთვის: ინდექსის ლიდერის - დანიის მოქალაქეები თავისუფლად 169 ქვეყანაში გადაადგილდებიან.

რუსეთი ამ სიაში 49-ა - 94 უვიზო ქვეყანა; უკრაინა მე-60 – 76 უვიზო ქვეყანა; აზერბაიჯანს 76-ე(57), სომხეთს კი მე-80-ე (52) ადგილი უჭირავთ. ინდექსის აუტსაიდერები ერაყი(30), სომალი(28) და ავღანეთი(26) არიან.

საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე ხშირად უარს სწორედ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოსახვედრად აუცილებელ ვიზაზე ეუბნებიან.

ფონდ „ევროპული ინიციატივა ლიბერალური აკადემიის“ კვლევის მიხედვით, 2007 წელს, 61701-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა ევროკავშირის ვიზა და აქედან 6659-მა ანუ 10, 8 პროცენტმა უარი მიიღო; უკვე 2009 წელს, შენგენის ვიზაზე უარი 17 პროცენტზე მეტს, 10620 საქართველოს მოქალაქეს უთხრეს; 2011-2012 წლებში ეს მაჩვენებელი 15 პროცენტის ფარგლებში მერყეობს და „შავი“ სტატისტიკით საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია.

2011-2012 წლებში საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე ხშირად ვიზაზე უარი: ნიდერლანდების, საბერძნეთის, ესტონეთის, ლიტვის და ჩეხეთის საკონსულოებმა უთხრეს. ევროკომისრის ჩამოტანილი საგზაო რუქის შესრულებამ ეს სტატისტიკა უნდა შეცვალოს.

ასეთი მოლოდინი აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ალექსი პეტრიაშვილსაც

„დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა მივიღეთ. რეალურად ძალიან სწრაფად მოხდება მისი განხორციელება და ამ პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის, იქნება კონკრეტულად გაუმჯობესება ვიზების გაცემასთან მიმართებაში; გამარტივდება ცალკეული კონკრეტული მიმართულებები.“

თავად საქართველოს მსოფლიოს თითქმის 100 ქვეყანასთან ცალმხრივად თავისუფალი სავიზო პოლიტიკა გააჩნია. მათ შორის, რუსეთთან და ირანთან. 2006 წლიდან 2009 წლამდე ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და 90 დღით დარჩენის უფლება ჰქონდათ; 2009 წლის აგვისტოდან ეს ვადა 360 დღემდე გაიზარდა.

სამოქმედო გეგმის შესრულების გზაზე რამდენიმე სერიოზული პრობლემაა. 2012 წლის მონაცემებით, საქართველო სექსუალური ექსპლოატაციისა და იძულებითი შრომის თვალსაზრისით, ადამიანთა ტრეფიკინგის წყაროს, ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყანას წარმოადგენს.

კიდევ უფრო დიდი პრობლემაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხაზგასმულად უარყოფითი დამოკიდებულება - ბიომეტრიული პასპორტებისა და ბიომეტრიული პირადობის მოწმობების წინააღდეგ. არადა საგზაო დოკუმენტაციის მოწესრიგება გეგმის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.

საქართველოს ზოგიერთი მართლმადიდებლური ტაძრის მოძღვარი ბიომეტრიული მოწმობების აღების გამო საკუთარ მრევლს დღემდე ერთწლიანი უზიარებლობით სჯის ან სხვა საეკლესიო სანქციით ემუქრება.

წმინდა სინოდმა ამ საკითხს 2011 წლის დეკემბრიდან უკვე ორი სხდომა მიუძღვნა და სპეციალური კომისიაც შექმნა, თუმცა სასულიერო პირები საბოლოო აზრამდე, მართლაც არის თუ არა "ეშმაკისეული" ბიომეტრიული პასპორტები, დღემდე ვერ მივიდნენ.

XS
SM
MD
LG