ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კავკასიელებმა საქართველოში უვიზოდ შემოსვლა დაიწყეს


პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულება, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს, საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ შემოსვლისა და აქ 30 დღის მანძილზე დარჩენის საშუალებას აძლევს დღეიდან ძალაში შევიდა.

დილიდან, ამ უფლებით უკვე ისარგებლა რუსეთის რამდენიმე მოქალაქემ. უვიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის შვიდ სუბიექტში: დაღესტანში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში, ჩრდილოეთ ოსეთში, ყაბარდო- ბალყარეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ადიღეში მცხოვრებ მოქალაქეებზე ვრცელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად, ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიქართული განწყობის აღმოფხვრა დაასახელა, რასაც მისივე, თქმით, ოფიციალური მოსკოვი შეგნებულად აღვივებს.

“ყოვლად მიუღებელია, რომ კავკასიის სივრცე იყოს გახლეჩილი. ყოვლად მიუღებელია, რომ ჩრდილოეთ კავკასია გადაიქცეს რეზერვაციად, სადაც რუსეთის ფედერაციის მთავრობა, კრემლის რეჟიმი, მუდმივად ეწევა მტრულ პროპაგანდას, მიმართულს საქართველოს წინააღმდეგ.“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს გადაწყვეტილებას "მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯი" უწოდა, ეს განცხადება მან მოსკოვში, ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც რუსეთსა და ურუგვაის შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

„ცივილიზირებული პარტნიორები ამგვარ საკითხებს, როგორც წესი, ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ ხოლმე“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებაში. უფრო მკაცრია თავის შეფასებებში რუსი პოლიტოლოგი ანდრეი ეპიფანცევი

„მე ვიტყოდი, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი ნაბიჯი, რუსეთისგან ჩრდილოეთ კავკასიის ჩამოშორებისკენ მიმართული. ბოლო ორი წლის მანძილზე, მსგავსი ნაბიჯები იყო „პირველი კავკასიური არხისა“ და საქართველოს რადიოს მაუწყებლობის დაწყება ჩრდილოეთ კავკასიაზე; ასევე ჩერქეზთა გენოციდის თემის წამოწევა და კიდევ მრავალი ანტირუსული ნაბიჯი.

არავითარ ზრუნვაზე საუბარი ჩრდილოეთ კავკასიელიის მოქალაქეებზე არ შეიძლება. რა თქმა უნდა, მთავარი სურვილია ჩამოაშორონ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასია და ჩრდილოეთ კავკასიელებში გააჩინონ სიმპატია საქართველოს მიმართ. მე ამ გადაწყვეტილებაში პერსპექტივას ვერ ვხედავ.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს ავტორიტეტი ჩრდილოეთ კავკასიელებში უაღრესად დაბალია, უმრავლესობა იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ, როგორც 1992-93 წლებში აფხაზეთში, ისე ხუთდღიანი ომის დროს სამხრეთ ოსეთში.

ფაქტობრივადაც, ამ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ რუსეთის მოქალაქეები ისედაც ძალიან გამარტივებულად იღებდნენ საქართველოში შესასვლელ ვიზას, უბრალოდ, ვიზები აღარ გაიცემოდა ზემო ლარსში. ახლა კი იქაც შეიძლება გასვლა და საქართველოში 90 დღით უვიზოდ ყოფნა. რამდენად მოახდეს გავლენას ეს ფაქტი რუსეთის მოქალაქეების დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ? გულწრფელად ვამბობ, ძალიან მეპარება ეჭვი“.

რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში უვიზოდ მოხვედრა სურთ, საზღვარგარეთის პასპორტთან ერთად, თან ჩრდილოეთ კავკასიაში ბინადრობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი უნდა ჰქონდეთ.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით შეიძლება ხელ-ფეხი გაეხსნას ოსი სეპარატისტების კიდევ ერთ ჯგუფს, რომელიც ვლადიკავკაზშია დაფუძნებული. ეს ჯგუფი ორგანიზაცია „დარიალშია“ თავმოყრილი და თრუსოს ხეობასა და მთლიანად სტეფანწმინდის რაიონს „ისტორიულ ოსურ მიწებად“ მიიჩნევს. მამუკა არეშიძე კერძოდ ამბობს

„ოსური ორგანიზაცია „დარიალის“ წევრები საჯაროდ ამბობენ, რომ თრუსოს ხეობა და კობის ქვაბული არის ჩრდილოეთ ოსეთის, ე.წ ერთიანი დიდი ოსეთის ნაწილი.

ეს ხალხი ადრე ცხოვრობდა ამ ტერიტორიაზე. ისინი ორგანიზებულად ცდილობდნენ აქ შემოღწევას, ლარსთან რამდენჯერმე გამართეს მიტინგი, რომ უვიზოდ შემოსვლის უფლება მიგვეცა.

სეპარატისტების შეჩერება, რა თქმა უნდა ძალიან რთული იქნება. რაც შეეხება, ისეთ ადამიანთა კატეგორიას, გინდა ოსი იყოს, გინდა სხვა ეროვნების, რომლებიც აქ მოდის იმისთვის, რომ წინაპართა საფლავები მოინახულონ ან დაბრუნდნენ საკუთარ სახლ-კარში, ეს არ არის, რა თქმა უნდა პრობლემა. მაგრამ, როგორ უნდა განასხვავო, მე არ ვიცი, ჩემი აზრით, ეს ძალიან რთული იქნება.“

ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების ოპონენტები მეორე დღეა პრეზიდენტის ბრძანებულების შეჩერებასა და საკითხის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გატანას ითხოვენ. თუმცა, ამ თემაზე საპარლამენტო დებატებმაც აჩვენა, რომ ბრძანებულების შეჩერების შანსი მიზერულია.

პრეზიდენტისა და მთავრობის პოზიცია მკაცრად დაიცვა საპარლამენტო უმრავლესობამ. პარლამენტში სულ უფრო პოპულარული ხდება ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას იდეები ერთიანი კავკასიის თაობაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ წიკლაურის გამოსვლა, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ეროვნული მოძრაობის ლიდერთა გამოსვლებს გაგახსენებდათ.

„საქართველო საუკუნეების განმავლობაში ლიდერი იყო რეგიონში და დღეს, საქართველო, როგორც რეგიონალური ლიდერი აღიდგენს ამ ფუნქციას. და აუცილებლად ხელს გაუწვდის ჩრდილო კავკასიელ ხალხებს. რათა, მათთან ერთად, ერთ ოჯახად, საქართველომ და ჩრდილო კავკასიელმა ხალხებმა შეძლონ ძლიერი ფორპოსტის შექმნა. ეს იქნება თავისუფლების, დემოკრატიის, ერთიანობის და სიმტკიცის ფორსპოსტი.“

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სტეფანწმინდის რაიონში არიან ჩაწერილები, რუსეთის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლის უფლება რამდენიმე წლის მანძილზე ჰქონდათ, თუმცა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვის შემდეგ, 2006 წელს მოსკოვმა ცალმხრივად, ჯერ ლარსის სასაზღვრო პუნტი ჩაკეტა, შემდეგ კი სტეფანწმინდელების ეს უფლებაც გააუქმა.

დღეისათვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზები მკაცრი შეზღუდვით, მხოლოდ უახლოესი ნათესავის მოწვევის შემთხვევაში გაიცემა. შვეიცარიის საელჩო, რომელიც საქართველოში რუსეთის საკონსული ინტერესებს ახორციელებს - სამუშაო და ტურისტულ ვიზებს საქართველოს მოქალაქეებზე საერთოდ არ გასცემს.

XS
SM
MD
LG