ირანთან შეთანხმება ბევრს არ მოსწონს

კვინიპიაკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ამერიკელთა უმრავლესობა ირანთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

ყატარში ჯონ კერი სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნებიდან ჩასულ კოლეგებს შეხვდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების ირგვლივ არსებული შეშფოთების განეიტრალებას ცდილობს.

ჯონ კერი მოლაპარაკებაზე საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, ქუვეითის, ყატარის, ომანის და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა. მაისში ამ ქვეყნების წარმომადგენლებს ამერიკის პრეზიდენტი შეხვდა. ბარაკ ობამას განცხადებით შეერთებული შტატები უსაფრთხოების საკითხებში მათთან თანამშრომლობას გაზრდის. კერძოდ, გაფართოვდება ერთობლივი წვრთნების პროგრამები, დაჩქარდება იარაღის მიყიდვა და გაიზრდება სარაკეტო თავდაცვის კოორდინირებული სისტემის აშენებაში გაწეული დახმარების მოცულობა.

ახალი გამოკითხვებით თავად ამერიკელთა უმრავლესობა ირანთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. გამოკითხულთა ორჯერ მეტი (57 პროცენტი 28-ზე) მიიჩნევს, რომ შეთანხმების შედეგად მსოფლიო ნაკლებად უსაფრთხო გახდება. გამოკითხვის ავტორი კვინიპიაკის უნივერსიტეტია.