ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეცდება თუ არა რუსეთი კავკასიაში პოზიციების გამყარებას?


ღაზას სექტორისკენ მიმავალი ისრაელის ტანკები
ღაზას სექტორისკენ მიმავალი ისრაელის ტანკები

მსოფლიოს ექვსმა წამყვანმა სახელმწიფომ ირანთან ბირთვული პროგრამის შეზღუდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულება დადო. მისი პირობების თანახმად საერთაშორისო თანამეგობრობას თეირანის ბირთვული ნაგებობების ინსპექტირება და მონიტორინგის საშუალება მიეცემა. ისრაელი, ამერიკის უახლოესი მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში, აცხადებს, რომ ირანთან ამ შეთანხმების დადება ისტორიული მასშტაბების შეცდომა იყო და ის ისრაელის არსებობას საფრთხეს უქმნის.

პუტინი კი ამბობს, რომ ყველასთან მეგობრობს, მაგრამ ის სინამდვილეში ირანს უჭერს მხარს. თუ ისრაელმა რაიმე ზომები მიიღო ირანის წინააღმდეგ, პუტინი ამას საბაბად გამოიყენებს რეგიონში რუსეთის სამხედრო პოზიციების გასამყარებლად.
ანა ბორჩევსკაია

ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ვაშინგტონის ინსტიტუტის ექსპერტი ანა ბორჩევსკაია ამბობს, რომ ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ რით უპასუხებს ისრაელი ამ შეთანხმებას:

"პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს შეთანხმება ისრაელს არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს და რომ ისრაელი თავს დაიცავს. ჩემი აზრით, ეს ძალიან პრობლემური საკითხია. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ დაამტკიცებს თუ არა ამერიკის კონგრესი შეთანხმებას. ირანის სიდიდესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ისრაელს არა მხოლოდ ბირთვული ნაგებობების, არამედ აეროპორტების დაბომბვაც მოუწევს, რისი ტექნიკური შესაძლებლობაც მას არ აქვს. ამისთვის ისრაელს ამერიკის დახმარება დასჭირდება.“

ექსპერტები აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობა ირანში მინიმალურია, თუმცა არაა გამორიცხული. ამერიკის თავდაცვის მდივნის ყოფილი ფინანსური მრჩეველი და მოადგილე დაგეგმარებისა და რესურსების დარგში დოვ ზაკჰაიმი ამბობს, რომ სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში ისრაელი დიდ რისკზე წავა:

"არ ვიცი ისრაელი რას გააკეთებს. იმედი მაქვს, იქ საღი აზრი გაიმარჯვებს, რადგან თვითონ უკეთესად იციან საკუთარი შესაძლებლობები. ირანზე იერიშის მიტანის შემთხვევაში ისინი ორ დიდ რისკზე წავლენ - ერთი არის ის, რომ წარმატების არანაირი გარანტია არ ექნებათ და მეორე კი ის, რომ წარმატების შემთხვევაში ირანი ნამდვილად ეცდება ბირთვული იარაღის შექმნას.“

იმ შემთხვევაში თუ თელ-ავივმა თეირანის წინააღმდეგ რაიმე სახის იერიში მიიტანა, ბორჩევსკაია ამბობს, რომ რუსეთი კავკასიაში სამხედრო პოზიციებს გაიმყარებს:

ამერიკის გენშტაბის ბოლო სამმა უფროსმა განაცხადა, რომ რუსეთი ჩვენს წინაშე უდიდესი პრობლემაა. ეს შეიძლება ბოლომდე მართალი არ იყოს, მაგრამ ეს განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ შეშფოთება იზრდება.
დოვ ზაკჰაიმი

"ჩემი აზრით, ეს შესაძლებელი და გასათვალისწინებელია. რუსეთ-ისრაელის ურთიერთობები კომპლექსურია. ისრაელში მილიონამდე რუსი ემიგრანტი ცხოვრობს, გარდა ამისა პუტინი ცდილობს ისრაელთან კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოს. თუმცა ამას ლიმიტი აქვს. სიმართლე რომ ვთქვათ, პუტინი კი ამბობს, რომ ყველასთან მეგობრობს, მაგრამ ის სინამდვილეში ირანს უჭერს მხარს. თუ ისრაელმა რაიმე ზომები მიიღო ირანის წინააღმდეგ, პუტინი ამას საბაბად გამოიყენებს რეგიონში რუსეთის სამხედრო პოზიციების გასამყარებლად.“

ასეთ შემთხვევაში, ზოგიერთი ექსპერტი, მათ შორის, ბორჩევსკაიაც, ვარაუდობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გამორიცხული არ არის. რუსეთი შეიძლება ეცადოს სომხეთში, გიუმრის ბაზასთან სახმელეთო კავშირი საქართველოს გავლით დაამყაროს:

"ჩემი აზრით, ამის შესაძლებლობა არსებობს და ეს სერიოზულად უნდა განვიხილოთ. გადავხედოთ იმას, თუ რა ხდება რუსეთის გავლენის სფეროში - როგორც ამ რეგიონს კრემლი უწოდებს: ვხედავთ პუტინის აგრესიას ყირიმში, ის აგრესიას გამოხატავს ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებზე. გარკვეულწილად, ის იძულებულია ეს პოლიტიკა გააგრძელოს და უკრაინაზე გაჩერებას ვერ შეძლებს.“

ზაკჰაიმი ამბობს, რომ რუსეთის აგრესიული მოქმედებები არა მხოლოდ მისი მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. მისი აზრით, ამერიკამ რეგიონში სამხედრო ყოფნა უნდა გააძლიეროს:

„ნატოს მეთაურმა გენერალმა ბრიდლოვმა თქვა, რომ რუსეთი შეშფოთების დიდ მიზეზს წარმოადგენს. ამერიკის გენშტაბის ბოლო სამმა უფროსმა განაცხადა, რომ რუსეთი ჩვენს წინაშე უდიდესი პრობლემაა. ეს შეიძლება ბოლომდე მართალი არ იყოს, მაგრამ ეს განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ შეშფოთება იზრდება. მომდევნო წელიწადნახევარში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება, მაგრამ არჩევნების შემდეგ შესაძლოა რეგიონში ამერიკის სამხედრო შესაძლებლობები გაიზარდოს.“

ზაკჰაიმი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებების საფრთხე რეგიონში ყოველთვის არსებობს და რეგიონის მთავრობებმა, მათ შორის, საქართველომაც, კრემლის მოქმედებებს ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი და დასავლეთთან ურთიერთობა აქტიურად გააგრძელონ. ბორჩევსკაია კი ამბობს, რომ რუსეთის აგრესიისთვის თავის გასართმევად საქართველომ არა მხოლოდ დასავლეთთან, არამედ ისრაელთანაც კარგი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს.

XS
SM
MD
LG