მედვედევი ზურაბიშვილზე: "ჩვეულებრივი მოვლენაა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრება“

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, დმიტრი მედვედევი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, „მარიონეტად“ მოიხსენიებს და მის დაკავებას ითხოვს.

„საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა უარი თქვა არჩევნების შედეგების [აღიარებაზე] და კონსტიტუციის წინააღმდეგ გადატრიალების მოწოდებით წავიდა. ასეთ დროს, ჩვეულებრივი მოვლენაა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრება“, - მედვედევის ამ განცხადებსა, რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

დმიტრი მედვედევის ამ განცხადებას წინ უსწრებდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ რუსეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩაერია. კრემლის პრესსპიკერმა ეს განცხადება მალევე უარყო.

ასევე ნახეთ: AP-თან ინტერვიუში, ზურაბიშვილი რუსეთს საქართველოს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს და დასავლეთისგან მხარდაჭერას ითხოვს

საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა. ცესკოს ამ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი და ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომლებმაც ამავე მონაცემებით პარლამენტში მანდატები მოიპოვეს, უნდობლობას უცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და პრეზიდენტი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქართველ ხალხს არჩევანი წაართვა და შედეგები ხალხის სურვილს არ წარმოაჩენს.

საქართველოს ხელისუფლებას გამოვლენილი დარღვევების შესახებ დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორები, როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი ლიდერები.