მედიაომბუდსმენი: საპარლამენტო არჩევნები საქართველოში მედიაზე აგრესიით, ზეწოლით გამოირჩეოდა

"საქართველოს პარლამენტის არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტების და ოპერატორების სამუშაო გარემო გამოირჩეოდა აგრესიით, ზეწოლით, მუქარითა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებით", - ნათქვამია მედიაომბუდსმენის შეფასებაში, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისას ჟურნალისტების საქმიანობის შესახებ მომზადდა და 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

„კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კენჭისყრასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების და გავრცელების პროცესი იყო უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველი“, – ხაზგასმულია ამავე შეფასებაში.

„დანაშაულებრივი ქმედებებით დაირღვა მინიმუმ 50 ჟურნალისტისა და ოპერატორის უფლება“, - აღნიშნავს მედიაომბუდსმენი და მედიის მიმართ ძალადობის თითოეული შემთხვევის შესახებ ავრცელებს რა ინფორმაციას, მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჩაატაროს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება თითოეულ შემთხვევაზე.

“კენჭისყრის დღეს მედიის წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი დანაშაულის გამოძიება ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც განსაზღვრავს საარჩევნო პროცესების სანდოობას“, – ნათქვამია შეფასებაში.

მედიაომბუდსმენი ამბობს, რომ თუკი ჟურნალისტები მათი უფლებების დარღვევის შესახებ აცნობებენ, ამ ანგარიშში წარმოდგენილი ცნობებიც განახლდება.