პენტაგონი: სირიამ ამერიკის გაფრთხილება გაითვალისწინა

ამერიკის თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი ამბობს, რომ, როგორც ჩანს, სირიამ ამერიკის გაფრთხილება ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ სერიოზულად მიიჩნია და გაითვალისწინა.

„როგორც ირკვევა, გაფრთხილებას სერიოზულად მოეკიდნენ“, - თქვა მატისმა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის განცხადების პასუხად, რომ მათ არ უცდიათ ქიმიური იარაღის გამოყენება.

მოსალოდნელი ქიმიური თავდასხმის შესახებ ცნობები ორშაბათ საღამოს გავრცელდა. მას მერე, რაც დაზვერვის სამსახურებმა თქვეს, რომ აღმოაჩინეს ქიმიური თავდასხმისთვის „პოტენციური სამზადისი“. თეთრი სახლის პრეს-მდივნის შონ სპაისერის თქმით კი, თუკი ეს თავდასხმა მართლაც სისრულეში იქნებოდა მოყვანილი, ასადს და მის სამხედრო ძალებს ეს აგდაწყვეტილება „ძვირად დაუჯდებოდათ“.

4 აპრილს ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ პატარა ქალაქ ხან შეიხუნზე მიტანილმა ქიმიურმა იერიშმა 80 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მომხდარი საერთაშორისო საზოგადოებამ და არაერთი ქვეყნის ხელისუფლებამ დაგმო, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა.