ლავროვი უკრაინაში რუსული არმიის მისიაზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ყირიმში რუსეთის არმია რუსი ეროვნების მოქალაქეებს იცავს
ბან კი მუნთან შეხვედრის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი -სერგეი ლავროვი- ცდილობს, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების დისლოკაცია გაამართლოს. გაეროს გენერალურ მდივანს კი იმედი აქვს, რომ რეგიონში დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის აღკვეთას შეძლებს.

დღეს ჟენევაში გამართულ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე ლავროვმა განაცხადა, რომ ყირიმში რუსეთის არმია რუსი ეროვნების მოქალაქეებს იცავს. მინისტრის განცხადებით, ჯარის ყოფნა ქვეყანაში აუცილებელია მანამ, სანამ „პოლიტიკური სიტუაცია არ დარეგულირდება“. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით რუსეთის და ჩინეთის მოსაზრებები ემთხვევა.

უკრაინა რუსეთს სამხედრო ინტერვენციაში დებს ბრალს და მოსკოვს ჯარების სასწრაფო გაყვანას სთხოვს. ყირიმში უკრაინის სამხედრო ბაზები, გზები და აეროპორტები რუსული არმიის მიერ ბლოკირებულია. დიდმა შვიდეულმა ერთობლივი საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც რუსეთს მოუწოდებს უკრაინასთან უთანხმოება პირდაპირი მოლაპარაკების, ან გაეროს, თუ ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის მედიატორობით გადაწყვიტოს. დიდ შვიდეულში შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია შედის.