უკრაინის სახელმწიფო ატომური კომპანია "ენერჰოატომი" აცხადებს, რომ რუსების მიერ ოკუპირებულ ზაპორიჟიის ატომურ სადგურში მოქმედი ექვსი რეაქტორიდან ერთ-ერთი, აქამდე გათიშული რეაქტორი უკრაინის ელექტრო-ქსელს კვლავ დაუკავშირდა. მანამდე, 25 აგვისტოს, ისტორიაში პირველად, რეაქტორი გაითიშა. ამის მიზეზად კიევი, სადგურის სიახლოვეს რუსეთის მხრიდან დაბომბვების შედეგად გამოწვეულ ხანძარს ასახელებს, რომელმაც გადამცემი ხაზებიც დააზიანა.
"დღეს 14:04-წუთზე [კიევის დროით] ზაპორიჟიის ატომური სადგურის ერთ-ერთი ენერგობლოკი, რომელიც გუშინ გაითიშა, დღეს ქსელს დაუკავშირდა და განაგრძობს უკრაინისთვის ენერგიის მიწოდებას", - ნათქვამია "ენერჰოატომის" განცხადებაში, რომელიც 26 აგვისტოს გამოქვეყნდა.
აქამდე "ენერჰოატომში" აცხადებდნენ, რომ ატომური სადგურის ტექნიკურ ან უსაფრთხოების სისტემებს არანაირი პრობლემა არ შექმნია, რადგან სადგურის მუშაობისთვის საჭირო ელექტროენერგია მას უკრაინის ელექტროსიტემიდან მიეწოდებოდა. თუმცა, 25 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზაპორიჟიის ელექტროსადგურზე რადიაციული კატასტროფის თავიდან აცილება რთულად, მაგრამ მოხერხდა. პრეზიდენტის თქმით, რუსული დაბომბვების შედეგად, ევროპის უდიდეს ატომურ სადგურს ელექტროენერგია რამდენიმე საათის განმავლობაში გაეთიშა.
ასევე ნახეთ: „ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციის გაჟონვა გლობალური კატასტროფა იქნება“ზელენსკის თქმით, რუსული საჰაერო იერიშების შედეგად ცეცხლი გაჩნდა, რის შემდეგაც რუსეთის მიერ კონტროლირებადი სადგურის ნაწილი უკრაინული ენერგო-სისტემისგან გაითიშა. ელექტროენერგიის გათიშვის მიუხედავად, პრეზიდენტის განმარტებით, სადგურზე დიზელის გენერატორები მუშაობდა, რომელიც ატომურ სადგურს გაგრილების და უსაფრთხოდ ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგიას აძლევდა. დღეს კი უკრაინულმა მხარემ მოახერხა და ატომურ სადგურთან ელექტროკავშირი აღადგინა.
ზაპორიჟიის ატომურ სადგურს რუსები 2022 წლის 4 მარტიდან აკონტროლებენ. თუმცა, მათ უკრაინელ ინჟინრებს უფლება მისცეს, რუსების კონტროლის ქვეშ სადგურზე მუშაობა გააგრძელონ. მოსკოვი უარყოფს, რომ ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ სახიფათო საჰაერო იერიშებს ახორციელებს. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ატომური ელექტროსადგური ომის დაწყებამდე უკრაინის ენერგოსაჭიროების 20 %-ს აკმაყოფილებდა. მისი ქვეყნის ენერგოსისტემისგან გათიშვას კიევისთვის, რომელიც ზამთრის მოახლოებასთან ერთად, დამატებით პრობლემებზე საუბრობს, კიდევ უფრო მეტი გართულების შექმნა შეუძლია.
ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ახალ ამბებს ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბიც. მათი ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს რუსული თავდასხმების მოგერიება დონეცკის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქებში 0 ბახმუტსა და სოლედარში. სამხრეთ ხერსონში კი მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საცავებსა და ჯარისკაცებს შეუტიეს.