ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში სულ მცირე 972 ბავშვი დაიღუპა ან დაშავდა


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ომის 6 თვის შემდეგ, რუსი სამხედროების სისასტიკის მსხვერპლი თითქმის 1000 უკრაინელი ბავშვი გახდა. „იუნისეფის“ ანგარიშის მიხედვით დაღუპულია ან დაშავებულია 972 უკრაინელი ბავშვი. თუმცა ორგანიზაცია განმარტავს, რომ ეს მხოლოდ მათ მიერ დადასტურებელი მაჩვენებელია და რეალური რიცხვები გაცილებით დიდია.

„როგორც ყველა ომში, უფროსების დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები ბავშვებს უკიდურესი რისკის ქვეშ აყენებს. არ არსებობს ისეთი შეიარაღებული ოპერაციები, რომლებიც არ გამოიწვევს ბავშვთა დაშავებას“, - ამბობს „იუნისეფის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთრი რასელი.

გაერო განმარტავს, რომ ომის მსხვერპლთა და დაშავებულთა გარდა, უკრაინაში „თითქმის ყველა ბავშვმა განიცადა ღრმა ემოციური სტრესი. იქნება ეს: ძალადობის შემცველი სცენების ნახვა, ოჯახის წევრებთან განშორება, დევნილობა, სექსუალური ექსპლუატაცია თუ ტრეფიკინგი“

ომში მყოფ უკრაინაში ახალი სასწავლო წელი ახლოვდება, სასწავლო პროცესი მარტში მას შემდეგ შეწყდა, რაც რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო.

„ყველა ბავშვი უნდა იყოს სკოლაში და მათ უნდა მიიღონ განათლება. მათ შორის ბავშვებმა, რომლებიც რთულ ვითარებაში იმყოფებიან, გამონაკლისი არც დევნილობაში მყოფი ბავშვები უნდა იყვნენ“, - ამბობს „იუნისეფის“ აღმასრულებელი დირექტორი.

რუსული „ტერორი“ უკრაინაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:46 0:00

გაეროს მონაცემების მიხედვით, უკრაინაში 10 სკოლიდან 1 ომის დროს დაზიანდა ან სრულად დაინგრა. ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსულ ჯარს იერიშები მიქვს მშვიდობიან მოსახლეობაზე, იქნება ეს საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, თავშესაფრები თუ საავადმყოფოები. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამას რუსეთი სპეციალურად აკეთებს რათა უკრაინელი სამხედროების ემოციური გატეხვა შეძლოს.

გაერო რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს იერიშები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ - სამოქალაქო ობიექტებსა თუ ინფრასტრუქტურაზე. კიევში ამბობენ, რომ რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას განზრახ ესხმის თავს, რასაც კრემლი უარყოფს.

მასალა განახლებულია დაზუსტებული მონაცემებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG