შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა კვირას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე ტელეფონით ისაუბრეს. ჯო ბაიდენმა, ბორის ჯონსონმა, ემანუელ მაკრონმა და ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნეს უკრაინაში მდებარე ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა - აცხადებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია.
"ერთობლივი ზარის დროს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა ბაიდენმა, პრეზიდენტმა მაკრონმა და კანცლერმა შოლცმა ხაზი გაუსვეს რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინისადმი მხარდაჭერის მტკიცე ერთგულებას", - ნათქვამია ლონდონის ოფიციალურ განცხადებაში. საუბრისას მათ განსაკუთრებით გამოყვეს ბირთვული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობა. დასავლეთის ლიდერები "მიესალმნენ ახლახან გამართულ დისკუსიებს ზაპორიჟიის ობიექტზე ატომური ენერგიის სააგენტოს წარმომადგენლების მისიის დაშვების თაობაზე".
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ დასავლეთის ლიდერებმა ასევე განიხილეს ირანის ბირთვული პროგრამები და თეირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენის საკითხი. საუბარი შეეხებოდა "პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და ერთობლივი ძალისხმევით, ირანის დესტაბილიზაციის გამომწვევი რეგიონული აქტივობების შეკავებას და შეზღუდვას“.
Facebook Forum