ოთხშაბათს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქის ხელისუფლება 1000-ზე მეტ გასათბობ პუნქტს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ უწყვეტი რუსული თავდასხმების შედეგად გათბობის სისტემა დაზიანდება.
რაკეტებით და დრონებით თავდასხმებმა უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურის 40 პროცენტი დააზიანა და კიევის დიდი ნაწილი გარკვეული ხნით ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე უკვე დატოვა. მოქალაქეებს ელექტროენერგია შეზღუდვებით, დაზოგვით მიეწოდება.
ასევე ნახეთ: პასუხი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე თუ ომის ახალი ეტაპი?ოთხშაბათს კლიჩკომ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ სარაკეტო თავდასხმების გამო ქალაქის ხელისუფლება სხვადასხვა სცენარს განიხილავდა.
„ყველაზე უარესი სცენარი იქნება, თუ ელექტროენერგია, წყალი და ცენტრალური გათბობა არ იქნება... ამ შემთხვევისთვის ქალაქში 1000-ზე მეტ გასათბობ პუნქტს ვამზადებთ", - თქვა კლიჩკომ. "ეს ადგილები გენერატორებით იქნება აღჭურვილი და ისეთი აუცილებელი მარაგი ექნება, როგორიც წყალია", - განმარტა მერმა.
მთავრობა იმ უკრაინელებს, რომლებმაც ქვეყანა უკვე დატოვეს, დაჟინებით ურჩევს ზამთარი საზღვარგარეთ გაატარონ. კიევი რუსეთს ბრალს სდებს ახალი ჰუმანიტარული კრიზისის პროვოცირებაში, რომელიც კიდევ უფრო მეტ ადამიანს აიძულებს გაიქცეს იმის შიშით, რომ ცივი ზამთრის გათბობის გარეშე გადატანა მოუწევს.