ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი: რუსეთმა უკრაინის ენერგოსექტორის მესამედი გაანადგურა


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენნსკი ამბობს, რომ რუსული რაკეტებისა და ირანული წარმოების დრონების გამოყენებით განხორციელებული იერიშების შედეგად, უკრაინის ენერგო სექტორის ერთი მესამედი განადგურებულია. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინის რეკონსტრუქციის თაობაზე გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა.

"რუსეთი ანადგურებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენთვის უფრო რთული გახდეს ზამთრის გადალახვა", - თქვა ზელენსკიმ ბერლინის კონფერენციაზე ვიდეო-ჩართვისას. კონფერენციას ესწრებიან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და სხვა წამყვანი პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ურსულა ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები "ტერორიზმის აშკარა აქტებად" იქცა. ფონ დერ ლეიენი უკრაინისთვის მიყენებულ ზიანს შოკისმომგვრელს უწოდებს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ზიანის მასშტაბის ღირებულება 350 მილიარდ ევროს აჭარბებს.

ფონ დერ ლეიენის თქმით, უკრაინის რეკონსტრუქციის კოორდინაციის პლატფორმა დაუყოვნებლივ უნდა ამუშავდეს, სასურველია ამ წლის დასასრულამდეც.

ოლაფ შოლცმა კონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთის განახლებული იერიშები ომის განმავლობაში კიდევ ერთი მძიმე მოვლენაა, მაგრამ ეს ასევე მიუთითებს მოსკოვის სასოწარკვეთაზე. კანცლერის თქმით, უკრაინის აღდგენა არის ამ ეპოქისა და თაობის მისია, და ის დაუყოვნებლივ, რუსეთის აგრესიის პარალელურადვე უნდა დაიწყოს.

"რაც ახლა სასწორზე დევს, არაფრით ჩამოუვარდება ახალ "მარშალის გეგმას" 21-ე საუკუნისთვის", - თქვა შოლცმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას სწრაფი აღდგენის გეგმის ღირებულების, 17 მილიარდი დოლარის შეგროვებაში დახმარება სთხოვა. ასევე მოუწოდა მათ, დაეხმარონ კიევს საბიუჯეტო დეფიციტის შევსებაში. მომავალ წლისთვის ეს რიცხვი 38 მილიარდ დოლარს აღწევს.

XS
SM
MD
LG