ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ინფრასტრუქტურაზე შეტევა ტერორისტული აქტი და ომის დანაშაულია - ევროკომისიის პრეზიდენტი


მას შემდეგ რაც ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა, რუსეთი უკრაინული ქალაქების, მათ შორის დედაქალაქის დაბომბვას აგრძელებს. რუსეთს ძირითადად იერიშები მიაქვს ელექტროსადგურებზე, წყალსადენებზე და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ასევე ბომბავს საცხოვრებელ სახლებს.

რუსეთის ქმედებებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი „ტერორისტულ აქტებს“ და „ომის დანაშაულებს“ უწოდებს.

„ჩვენ კვლავ ვნახეთ რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ეს არის კიდევ ერთი თავი ისედაც ძალიან სასტიკ ომში. საერთაშორისო კანონები ძალზე გარკვევითაა ჩამოყალიბებული. ეს არის ომის დანაშაულები,“- ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ბოლო 7 თვის განმავლობაში რუსულ ჯარს სისტემატიურად მიაქვს იერიშები მშვიდობიან მოსახლეობაზე, ბომბავს სკოლებს, თავშესაფრებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებსაც კი. არსებობს მტკიცებულებები, რომ რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები, ბავშვები, კაცები კი წამებით მოკლეს.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთს იერიშები მიაქვს სამოქალაქო სტრატეგიულ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე, ამბობს ურსულა ფონ დერ ლეიენი.

„რუსეთის მიზანია კაცების, ქალების და ბავშვების ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვება ზამთრის მოახლოების პარალელურად. ეს არის ტერორისტული აქტები.“- თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG