როგორია კრემლის რეაქცია ტრამპის გამარჯვებაზე?

კრემლი ფრთხილი რეაქციით გამოეხმაურა დონალდ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას და განაცხადა, რომ აშშ კვლავ მტრულ სახელმწიფოდ რჩება.

რუსეთის 2022 წლის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია ყველაზე დიდი დაპირისპირება მოსკოვსა და დასავლეთს შორის 1962 წლის კუბის კრიზისის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი და აშშ ბირთვული ომის ზღვარზე იდგნენ.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ტრამპმა თავისი კამპანიის დროს გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადებები უკრაინის ომის შეწყვეტის სურვილზე.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვსაუბრობთ მტრულ სახელმწიფოზე, რომელიც პირდაპირ და ირიბად არის ჩართული ომში ჩვენს სახელმწიფოსთან (უკრაინაში),“ – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან.

ასევე ნახეთ: მსოფლიო ლიდერები ტრამპს გამარჯვებას ულოცავენ

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ტრამპისთვის გამარჯვების მილოცვის გეგმების შესახებ და რომ ვაშინგტონთან ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ აშშ-ს შეუძლია ამ კონფლიქტის დასრულებას შეუწყოს ხელი. ეს მყისიერად არ ხდება, მაგრამ... აშშ-ს შეუძლია შეცვალოს თავისი საგარეო პოლიტიკის კურსი. მოხდება თუ არა ეს, და თუ კი, როგორ... ამას იანვარში (აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ) დავინახავთ.“

კრემლის ოფიციალური პირები, მათ შორის პუტინიც, არჩევნებამდე აცხადებდნენ, რომ მოსკოვისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა თეთრ სახლში, თუმცა კრემლის მხარდაჭერილი მედიასაშუალებები ტრამპს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებდნენ.

ასევე ნახეთ: როგორ განაწილდა ამომრჩეველთა ხმების აშშ-ის არჩევნებზე?

ომი უკრაინაში

78 წლის ტრამპმა, პირობა დადო, რომ არჩეული შემთხვევაში სწრაფად დაასრულებდა უკრაინაში ომს, თუმცა მან არ დააკონკრეტა, როგორ გეგმავდა ამის მიღწევას.

პუტინმა განაცხადა, რომ ის მზადაა, განიხილოს ომის შესაძლო დასრულება, თუმცა რუსეთმა თავისი ტერიტორიული მიღწევები და პრეტენზიები უნდა შეინარჩუნოს, რაც უკრაინის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელია და კაპიტულაციად ითვლება.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ტრამპის გამარჯვება, სავარაუდოდ, უკრაინისთვის ცუდი ამბავია, რადგან ვაშინგტონი მისი მთავარი სამხედრო მხარდამჭერია.

ასევე ნახეთ: დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს

„ტრამპს ერთი სასარგებლო თვისება აქვს ჩვენთვის: როგორც ბიზნესმენს, მას კატეგორიულად არ მოსწონს ფულის ხარჯვა სხვადასხვა ხელისშემშლელზე,“ – დაწერა მედვედევმა თავის ტელეგრამ არხზე.

„საკითხავი ისაა, რამდენად იძულებული იქნება ტრამპი, ომისთვის მაინც გამოყოს ფინანსები. ის ჯიუტია, მაგრამ სისტემა უფრო ძლიერია,“ – დასძინა მედვედევმა.