მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "ფოქსმა" ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო გამარჯვებულად რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გამოაცხადა, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის მისამართით, რამდენიმე ქვეყნიდან მისალოცმა სიტყვებმა არ დააყოვნა. გამარჯვებამდე ტრამპს ჯერ ელექტორალური კოლეგიის წევრთა 3 ხმა აკლია.
ამ ეტაპზე ხმის დათვლის პროცესი ჯერ ისევ გრძელდება. ტრამპმა ჯერჯერობით 267 ელექტორის ხმა მოიპოვა. მის დემოკრატ ოპონენტ კამალა ჰარისს კი 214-ის ხმა აქვს.
ყოფილ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან დაწერა:
"გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, ბატონო პრეზიდენტო დონალდ ტრამპ! ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ძლიერი 🇺🇸 – ჩვენი 33-წლიანი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი – რათა მხარი დაუჭიროს 🇬🇪-ს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გააძლიეროს რეგიონალური უსაფრთხოება და სტაბილურობა და დაიცვას ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა".
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემდეგი განცხადება გააკეთა: "ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას გლობალურ საკითხებში მისი მიდგომისადმი: "ძლიერებით მშვიდობისკენ". ეს სწორედ ის პრინციპია, რომელსაც უკრაინისთვის პრაქტიკულად სამართლიანი მშვიდობის მოტანა უფრო შეუძლია".
ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ტრამპს სოციალურ ქსელ X-ზე მიულოცა. "გილოცავთ ისტორიაში უდიდეს დაბრუნებას! თეთრ სახლში თქვენი ისტორიული მობრუნება ამერიკისთვის ახალი დასაწყისის, და ისრაელსა და ამერიკას შორის დიადი ალიანსის მომასწავებელია", - განაცხადა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც მას X-ზე მიულოცა: "პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, გილოცავთ. მზად ვარ ვიმუშაოთ ერთად ისე, როგორც ამას ოთხი წლის განმავლობაში ვაკეთებდით, თქვენი და ჩემი რწმენით, პატივისცემითა და ამბიციით, მეტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის".
"ვულოცავ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას. შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ავსტრიისთვის. ჩვენ მოუთმენლად მოველით ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შემდგომ გაფართოებასა და განმტკიცებას გლობალური გამოწვევების ერთად, წარმატებით გადაჭრისთვის", - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა.
"უდიდესი დაბრუნება შეერთებული შტატების პოლიტიკის ისტორიაში! ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გრანდიოზულ გამარჯვებას, რომელიც მსოფლიოს ასე ძლიერ სჭირდებოდა, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა.