ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა პენსილვანიაც მოიგო, გამარჯვებას მას სულ 3 ელექტორის ხმა აშორებს


პენსილვანიის მოგებით, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ოპონენტს, დემოკრატ კამალა ჰარისს გამარჯვების შანსი თითქმის აღარ დაუტოვა. შვიდ მერყევ შტატს შორის, პენსილვანია ყველაზე მეტად მოიაზრებოდა გადამწყვეტ შტატად, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში მოგებულის ვინაობა უნდა განესაზღვრა.

გამარჯვებულის დასახელებამდე, ტრამპს კიდევ 3 ელექტორის ხმა სჭირდება. ხმების დათვლის პროცესი ჯერ ისევ გრძელდება. ტრამპმა ამ ეტაპზე 267 ელექტორის ხმა მოიპოვა, კამალა ჰარისს კი 214-ის ხმა აქვს.

მერყევ შტატთა შვიდეულში პენსილვანია ყველაზე მეტად დასახლებულია და მათ შორის ელექტორალურ კოლეგიაშიც ყველაზე მეტი, 19 ხმითაა წარმოდგენილი. ეს რეალობა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კამპანიების წინასაარჩევნო სტრატეგიებშიც აისახა, რომელთა მთავარი სამიზნეც ბოლო კვირებში და დღეებში პენსილვანია იყო.

დონალდ ტრამპმა ორიოდ წუთის წინ, რესპუბლიკელთა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ჯეი დი ვენსთან ერთად, თავის მხარდამჭერებს საზეიმო სიტყვით მიმართა. მან მხარდაჭერისთვის ოჯახის წევრებს და თანამებრძოლებს დიდი მადლობა გადაუხადა და ამომრჩევლებს დაპირებათა შესრულების პირობა კიდევ ერთხელ მისცა.

შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ბედს მარტივი უმრავლესობის ხმები არ წყვეტს. გამარჯვებულს 538 ელექტორისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია გამოავლენს. ყოველ შტატს, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ელექტორების განსაზღვრული რაოდენობა ჰყავს.

47-ე პრეზიდენტის გარდა, ამერიკელები ასევე ირჩევენ წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435-ივე წევრს, სენატში - 34 სენატორს, ჯამში - ქვეყნის 468 კანონმდებელს. ბიულეტენზე ბევრგან ადგილობრივი, შტატის თუ ქალაქის მთავრობათა და საკანონმდებლო ორგანოთა მნიშვნელოვანი პოსტებიცაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG