ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შუაღამისთვის არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს, ხმების დათვლა გრძელდება


შეერთებულ შტატებში ვაშინგტონის დროით, შუაღამეს გადაცდა და ბოლო საარჩევნო უბნები სადაცაა დაიხურება. თუმცა, გადამწყვეტი მერყევი შტატების უმრავლესობაში ჯერ ხმების დათვლა არ დასრულებულა და გამარჯვებულის ვინაობა ჯერ არ გამოვლენილა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ გადამწყვეტ შტატებში შედეგებმა სულ ცოტა საათები, ან შესაძლოა, დღეები დააგვიანოს.

შუაღამისთვის მონაცემები ასე გამოიყურებოდა: ყოფილ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს 246 ელექტორის ხმა აქვს. დემოკრატ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს კი - 210. ამერიკის მომავალ პრეზიდენტს ჯამში 270 ელექტორის ხმის მოპოვება სჭირდება.

ამერიკის მომავალი პრეზიდენტის ბედი კვლავ გაურკვეველია, რადგან არიზონაში, მიჩიგანში, ნევადაში, უისკონსინში და პენსილვანიაში შედეგებს ჯერ კიდევ აჯამებენ. რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა შვიდი მერყევი შტატიდან ორი უკვე მოიგო, ესაა ჯორჯია და ჩრდილოეთ კაროლინა. ის ელექტორთა ხმების რაოდენობით, კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს.

შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ბედს მარტივი უმრავლესობის ხმები არ წყვეტს. გამარჯვებულს 538 ელექტორისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია გამოავლენს. ყოველ შტატს, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ელექტორების განსაზღვრული რაოდენობა ჰყავს.

47-ე პრეზიდენტის გარდა, ამერიკელები ასევე ირჩევენ წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435-ივე წევრს, სენატში - 34 სენატორს, ჯამში - ქვეყნის 468 კანონმდებელს. ბიულეტენზე ბევრგან ადგილობრივი, შტატის თუ ქალაქის მთავრობათა და საკანონმდებლო ორგანოთა მნიშვნელოვანი პოსტებიცაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG